სხდომის ოქმი #9

     საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #9

         

                                                                                                           19 მარტი 2013 .

                             

                                                                                                                    12:00 საათი

 

                                                          საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N305

 

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; ფრიდონ საყვარელიძე; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; კობა სუბელიანი; გიორგი ფეიქრიშვილი;

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10  წევრის დასწრებით.  

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):                                                           

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი, 2013 წლის 18 იანვარს  ხელმოწერილი ,,საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა (07-1/32,04.02.13).

  /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე/

 კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს.

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება:

მომხსენებელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების ,,საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-16 მუხლის მიხედვით,  შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს სპორტსმენი, ერიცხება არა თვით სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა.                               

ხოლო ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად.  

სხდომის თავმჯდომარემ მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა წარმოდგენილი შეთანხმებისათვის.   

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,  ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ შეთანხმებას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და განაცხადა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან.            

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე                        შოთა ხაბარელი

   

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                        ედიშერ მაჩაიძე

 
modules