სხდომის ოქმი #10

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #10         

                                                                                                           21  მარტი 2013 .

                             

                                                                                                                    11:00 საათი

 

                                                         საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N308

  სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი.

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი ფეიქრიშვილი; კახა ბუცხრიკიძე; გიორგი თევდორაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

რატი ბრეგაძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.  

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-2/28, 16.01.13) განხილვა.  (II მოსმენა)     /მომხსენებელი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე/                                                              

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზემეორე მოსმენით განხილვას, რაც ითვალისწინებდა კანონპროექტის ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. 

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს  რატი ბრეგაძის მოხსენება:  მომხსენებელის ინფორმაციით, ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეკანონპროექტის  მიხედვით იცვლება თავად კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, ზუსტდება თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდული კავშირის საქმიანობა. ასევე აღნიშნული პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს  შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია მოთხოვნასთან, რომ ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა აუცილებლად უნდა იყვნენ 26 წლამდე ასაკის, საერთო ინტერესის მქონე, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაერთიანებული მოქალაქეები. გარდა ამისა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი ფაქტიურად ფორმალური სახით არსებობდა, მასში შეყვანილი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში უკვე აღარ ფუნქციონირებდნენ. ამავე დროს, პროექტის თანახმად კანონს უნდა დაემატოს მე-151 მუხლი, რომლის მიხედვითაც ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

რატი ბრეგაძემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით:

მუხლი 1. "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ახალგაზრდულ კავშირში გაწევრიანებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ  საერთო ინტერესებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდულ კავშირის წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს“.

 2. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, უფლება აქვთ სახელმწიფოსაგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

3. ამოღებულ იქნეს კანონის მე-13 მუხლი.

4. ამოღებულ იქნეს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-151 მუხლი:

„მუხლი 151.

 1. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული  კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდფინანსურანგარიშსახელმწიფოსაგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯის შესახებ.

 2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას“.    

მუხლი 2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

თინა ხიდაშელი დაინტერესდა, წარმოდგენილ კანონპროექტში რატომ მოხდა  26 წლამდე შეზღუდის მოხსნა და უმჯობესი ხომ არ იქნება, თუ მოხდება რაღაც ტიპის მსაზღვრელის ჩადება? 

რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ აქამდე, ეს მოთხოვნა სრულდებოდა მხოლოდ  ახალგაზრდული კავშირის წესდებაში შესაბამისი პუნქტის არსებობით, მაგრამ რეალურად ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ 2/3 ნამდვილად იყვნენ თუ არა 26 წლამდე ასაკის პირები, აღნიშნულის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნით, ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, რომ გაწევრიანდეს ახალგაზრდულ კავშირში და მიიღოს მონაწილეობა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში. 

ლერი ხაბელოვი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რეესტრის გაუქმება, რა  იძლევსა იმის გარანტიას, რომ ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს სრულფასოვანი ინფორმაციის ქონის საშუალებას?                        

რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი ფაქტიურად ფორმალური სახით არსებობდა, მასში შეყვანილი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში უკვე აღარ ფუნქციონირებდნენ. ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება. 

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი  დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად.  

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

  

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                                           ლერი ხაბელოვი   

   

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                     ედიშერ მაჩაიძე