|

კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რომლთა მიღებაც კოდექსის მთელ რიგ მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, მათ დახვეწას, სრულყოფასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.
კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა და როგორც აღნიშნა, ამ კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაფართოვდება დაცვის მხარის უფლებები, დაზუსტდება და უფრო სრულყოფილი გახდება „ალბათობის მაღალი ხარისხის“ განმარტება, განმეორებით ბრალის წარდგენის საკითხი ერთი და იმავე ქმედებისათვის, შეჯიბრობითობის პრინციპი, პრეიუდიციისა და ირიბი ჩვენების საკითხები და სხვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, დაცვის მხარეს ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების მოთხოვნის უფლება ეძლევა, რაც ექსპერტთა შეფასებით მმნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. კანონპროექტი დადებითად შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც დააფიქსირეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად რევოლუციური ცვლილებები ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო პოლიტიკაში, გარკვეული ხასიათის პრობლემები კვლავაც რჩება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დახვეწის მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს მუშაობას და ამ პროცესში მონაწილეობისკენ მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოუწოდა.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა, მათ შორის ოპოზიციიდან, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. |