|

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
არსებობის 11 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და სოლიდურ არასამთავრობო ორგანიზაციად.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისია
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით, საზოგადოების განათლებით და მისი სამოქალაქო აქტიობის ამაღლებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნით ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და განვითარებას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამები
-
სამართლის პროგრამა.
-
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა.
-
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა.
-
საჯარო პოლიტიკის პროგრამა.
-
ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
ამ პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციას რამდენიმე ათეული პროექტი აქვს განხორციელებული.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში”
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პარტნიორობითა და "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში". პროექტის მიზანია საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის შექმნის გზით საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართვა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში საზოგადოებრივი ინტერესების ლობირება. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. თანამშრომლობა გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამართლის პროგრამის ფარგლებში მოამზადა და გამოაქვეყნა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მონიტორინგი. შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება მოქმედ კანონში ცვლილებების პროექტი და წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს. გარდა ამისა, იგეგმება ორი მოქმედი კანონის მონიტორინგი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამართლის სპეციალისტები ამზადებენ დასკვნებს იმ კანონპროექტებზე, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. დასკვნები მიეწოდებათ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს და დეპუტატებს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ელექტრონული ბიულეტენით მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პარლამენტში განსახილველად შესული კანონპროექტების შესახებ. სამართლის პროექტის ვებ–გვერდზე (www.civilin.org.ge) განთავსებულია პარლამენტში ოფიციალური განხილვისთვის შესული კანონპროექტები განმარტებით ბარათებთან ერთად. ყოველდღიურად იზრდება ვებ–გვერდის ვიზიტორთა რიცხვი და მათმა საერთო რაოდენობამ 20000–ს გადააჭარბა.
-
სამართლის პროგრამის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია 527 საკანონმდებლო პაკეტი.
-
მომზადდა სამართლებრივი ექსპერტიზა 95 საკანონმდებლო პაკეტზე.
-
მომზადდა და გავრცელდა 317 ელექტრონული ბიულეტენი.
ინსტიტუტი ანალოგიურ ფორმატში თანამშრომლობს სხვადასხვა სამინისტროებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან.
2007 წლისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გეგმავს:
-
გააგრძელოს მუშაობა პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის და კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართვის მიმართულებით:
-
გააგრძელოს მუშაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ერთად კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
-
ითანამშრომლობსსაქართველოს სამინისტროებთან კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის მიმართულებით.
-
იზრუნოს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
-
განახორციელოს 2 მოქმედი, აქტუალური კანონის მონიტორინგი.
|