|
სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონალური შერიგების პერსპექტივების შესახებ მსჯელობდნენ როუზ-როსის 83-ე სემინარზე დღეს, დილის სხდომაზე. სომეხი პოლიტოლოგის, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსანდერ ისკანდერიანის განცხადებით შერიგებისარანაირი პოლიტიკური პერსპექტივები არ არსებობს. „სომხეთის სურვილი, რომ სიტუაციის ნომალიზება მოახდინოს თურქეთთან, პრაქტიკულად გაყინულია. მიზეზი, როგოც ერევნიდან ჩანს, ანკარაშია. პირველ რიგში ის, რომ თურქეთი ლობირებს აზერბაიჯანს, გარდა ამისა არ გვაქვს მოლოდინი, რომ თურქეთი რაიმეს შეცვლის შუალედურ პერიოდში. ერევნიდან ისე ჩანს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი კი არ გვყავს მეზობლად, არამედ ორი აზერბაიჯანი. განსაკუთრებით ართულებს პროცესს ყარაბაღის გადაუწყვეტელი პრობლემა. მართალია ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს მინსკის ჯგუფი, მაგრამ მას არ შეუძლია ამი პრობლემის მოგვარება. არა არსებობს არხები, სადაც კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და მოილაპარაკებენ. ყველა ხარვეზის გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ სიტუაციის ნორმალიზებაზე ლაპარაკი არსებულ რეალობაში ცოტა არასერიოზულია“, განაცხადა ალექსანდერ ისკანდერიანმა.  აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) აღმასრულებელმა ვიცე-რექტორმა, ფაზიზ ისმაილზადემ ძირითადად თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, მისი განცხადებით წლების განმავლობაში თურქეთმა დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის განვითარებაში, თუმცა დღეს უკვე ეს ქვეყნები თანასწორი პარტნიორები არიან. რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს, „2010 წელს ყაზანში გამართული მოლაპარაკებები კრახით დასრულდა, რის შემდეგაც ისე ჩაიკეტა ეს პროცესი, რომ გვირაბის ბოლოს ფაქტიურად არ ჩანს სინათლე. პირველ რიგში თუ არ განისაზღვრა მთიანი ყარაბაღის სტატუსი საკითხი ვერ მოგვარდება“ -განაცხადა ისმაილზადემ.
თურქეთის წარმომადგენელმა, კადირ ჰას უნივერსიტეტის რექტორმა, მუსტაფა აუდინიმ რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა. „კავკასია ის ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც თურქეთის ინტერესების სფეროში შედის, ჩვენი ქვეყნის მიზანია შექმნას ეკონომიკური სტაბულირობისა და აყვავების ზონა თავის გარშემო და ეს არის თურქეთის ძირითადი ინტერესი ამ სფეროში. თუმცა ბოლო ათი წელია თურქეთი მეტ ფოკუსირებას სხვა რეგიონებზე ახდენს“. რაც შეეხება თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობის პერსპექტივას, მუსტაფა აუდინის აზრით, ამ პროცესის წინსვლას ხელს უშლის სომხეთის მხრიდან საზღვრის დახურვა, ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა და სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელიც თურქეთის მიერ გენოციდის აღიარებას მოითხოვს. გამომსვლელთა აზრით რეგიონში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა. დილის სხდომის მედიატორის, კონფლიქტებისა და სახელმწიფო მშენებლობის ლონდონის საინფორმაციო ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, დენის სამუთის შეფასებით ძნელია სამ დღეში ამდენი პრობლემის გადაჭრა, გამომსველების ხმაში პესიმიზმიც ჭარბობდა, მაგრამ დენის სამუთის შეფასებით, ეს არის რეალობა, თუმცა, მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა და ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი იქნება მათი მოგვარება. სემინარის დასკვნითი ნაწილი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიასა და სტაბილურობაში სამოქალაქო საზოგადოების წვლილის საკითხების განხილვას დაეთმო. საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, თენგიზ ფხალაძემ დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მისი მრავალფეროვანი სპექტრი დარგობლივი მიმართულებებით ჩართულნი არიან ქვეყნის მმართველობაში. „საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოება მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე დიდი მისი როლი ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში. არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ერთობლივი მუშაობით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მისივე მოსაზრებით, თუ სამოქალაქო სექტორი ატქიურად ითანამშომლებს არამარტო რეგიონალურ ორგანიზაციებთან, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების სამოქალაქო საზოგადოებასთან, მაშინ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე კითხვის ნიშნები აღარ იარსებებს. დემოკრატიის მოსაპოვებლად სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ლაურა ბაღდასარიანმა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სომხეთში სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს აქტიურობა შესამჩნევი წინასაარჩევნო პერიოდში შეინიშნებოდა. თავის გამოსვლაში ბაღდასარიანმა ყურადღება სოციალურ მედიაზე და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები და ელექტრონული მედია საზოგადოების ინფორმირების ხელმისაწვდომი საშუალებაა. მისივე განცხადებით, სოციალურ ქსელებში წარმოებული აქტიური დისკუსია მოსახლეობას საშუალებას აძლევს გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და ღიად გამოხატონ შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. აზერბაიჯანის დემოკრატიის მონიტორინგის წარმომადგენლის, ფუად ჰასანოვის მოხსენება მის ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას შეეხო. მისი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გააღრმავოს და ზემოთ ასწიოს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებები. „დემოკრატია ვერ იქნება სტაბილური თუ არ იქნება სოლიდარობა სხვადსხვა სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრებების შეჯერება და შესაბამისი დასკვნების მომზადება“, - აღნიშნა ჰასანოვმა. მისივე მოხსენებით, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, ეს შეეხება როგორც კონფლიქტურ, ასევე სოცილურ მიმართულებებს. მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელზეც სემინარის მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსმენის საშუალება მიეცათ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი ასამბლეის პრეზიდენტმა, ჰიუ ბეილიმ შეაჯამა. მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს მასპინძლობისთვის და კარგად ორგანიზებული სემინარის გამართვის გამო. „ჩვენთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვის საინტერესო იყო ადგილზე გავცნობოდით ახალი ხელისუფლების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. სასიამოვნოა, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს იმ საგარეო კურს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ ჩვენს ყურადღებას და ფოკუსირებას საქართველოსა და მთელ რეგიონზე“, - განაცხადა ჰიუ ბეილიმ. სემინარის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვის და სემინარის მონაწილეებისთვის კულტურული ღონისძიებები მოეწყო. მათთვის იაღლუჯის საწვრთნელ პოლიგონზე ანტიტერორისტული ოპერაციის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა რუსთავის მომსახურების სააგენტო და თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს. ამით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა.
   
|