საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 17:25

საქართველო-ესტონეთის სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები იყო პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის ძირითადი თემა.DSC 2249

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით, პარლამენტის საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის თანაცხოვრებით, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში გამართული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ესტონეთის მხრიდან ეს საპარლამენტო დონის დელეგაციის პირველი ვიზიტია, რასაც თავად ესტონელი პარლამენტარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. „არჩევნების შემდეგ ეს ჩვენი პირველი ვიზიტია თქვენს ქვეყანაში, რაც იმის დასტურია, რომ მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლების სათავეში, არამედ ის, რომ საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ  ესტონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ანდრეს ჰერკელმა. როგორც ანდრეს ჰერკელმა აღნიშნა, ესტონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებთან ურთიერთობას, თანამშრომლობდა ევროინტეგრაციის საკითხებში და ამ მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია საპარლამენტო კავშირების გაღმავება და გააქტიურება.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 16:51
 
modules