საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 23:21

პარლამენტის დღევანდელი სხდომა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრთა განცხადებებს დაეთმო. უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. იგი მიესალმება პრემიერის იმ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ 2014 წელს აუცილებლად უნდა მიიღოს „MAP“-ი.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ გუნდური პრინციპებიდან გამომდინარე, არ ამბობს, რომ ტერორიზმში ქვეყნის დადანაშაულება ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. „იმისთვის, რომ საქართველომ „MAP“-ი მიიღოს, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს საერთო ამოცანაა, არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდისა, არამედ ქვეყნის. მიხარია, რომ საუბარი იმაზე, რომ ნატო შორეული პერსპექტივაა, შეიცვალა იმით მაინც, რომ საქართველომ 2014 წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამ დღეებში უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, თითქოსდა, ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდა. მან კოლეგებს ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით დათვლილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა, რომლის თანახმად, დღეს არსებული მდგომარეობა 2009 წელთან შედარებით არ გაზრდილა. ხოლო 2012 წელთან შედარებით კი 50%-ით არის შემცირებული. „საზოგადოებას მინდა ვამცნო, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კრიმინალური დანაშაულებები არათუ გაიზარდა, არამედ მკვეთრად შემცირდა. ამასთან, იმატა გახსნნილი საქმეების რიცხვმაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმცირესობის წევრები პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევას ითხოვენ. სხდომაზე, ზურა ჯაფარიძემ ყურადღება უკანასკნელ დღეებში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც 2013 წლის პირველ კვატალსა და აპრილის თვეს ეხება. მისი თქმით, სახეზეა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება, ეკონომიკური ზრდის ვარდნა და შემოსავლების კლება.
ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ერთი შეხედვით, ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა გახდა.
განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე თურქეთის რესპუბლიკაში - ირაკლი კოპლატაძის; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძის; ყაზახეთის რესპუბლიკაში - ზურაბ პატარიძის; ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძის ხოლო, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კი, კონსტანტინე კორკელიას კანდიდატურები წარადგინა. მოგვიანებით, კანონმდებლებმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
პარლამენტის წევრებმა, ასევე, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას.
შესვენების შემდეგ, პარლამენტის სხდომა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობით განახლდა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. განხილვა „საერთო სასამართლოების შესახებ“ პაკეტით, კერძოდ კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ კანონპროექტების სახით წარდგენილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნებით დაიწყო. პრეზიდენტის ალტერნატიულ შეთავაზებებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო. აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში ჩადებული ნორმები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობას. იგი მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოზე პოლიტიკური ბერკეტების მოპოვებისა და სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენების სურვილი და მიზანი ამოძრავებს. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის პოზიციას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები სასამართლო სისტემაზე ყოფილი ხელისუფლების გავლენის შენარჩუნებას ემსახურება. მან კოლეგებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის წინადადებებს მხარი არ დაუჭირონ. „პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი სასამართლო ხელისუფლებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის შენარჩუნებას ემსახურება. არავისთვის დასამალი არ არის რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაკომპლექტებული. ბოლო ცხრა წლის მანძილზე სასამართლომ ძალიან სერიოზული ფილტრი გაიარა და სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მორჩილი სასამართლო. ამის თქმის საფუძველს ჩემი პირადი საადვოკატო პრაქტიკა და ასევე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები მაძლევს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელმაც დღეს დეტალურად მიმოიხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პრეზიდენტისეული ვარიანტი და ის პროექტიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო. მოგვიანებით, კანონმდებლებმა პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით დაბრუნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს კენჭი უყარეს, რომლის შედეგად საკითხი ჩავარდა. პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები არ გაიზიარეს. პროცედურის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კენჭისყრაზე პროექტის თავდაპირველი, ვარიანტი დააყენა. სწორედ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პარლამენტმა, პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული პროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც ხელი 7 დღეში უნდა მოეწეროს.
პარლამენტმა, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კიდევ ერთ პროექტზე - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ნაფიცი მსაჯულების შესახებ მოქმედი ნორმის შენარჩუნება სჯობს. „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ფართოდ შემოღებამ, თუ ის ნებისმიერი დანაშაულის დროს იქნება გამოყენებული, შესაძლოა, სხვადასხვა ხასიათის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის სასამართლო სისტემის მუშაობაშიც. გავითვალისწინეთ სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამჯერად უცვლელად დავტოვოთ კანონის მოქმედი ნორმა და არ ვცადოთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მოქმედი ნორმა ძალაში დარჩა. კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა არც პრეზიდენტის შენიშვნებს დაუჭირა მხარი და არც ვეტოდადებულ კანონს. 24 - მომხრე, 81 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტზე. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის პირვანდელი რედაქციას კი მხარი 4-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შესაბამისად, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეთავაზებული ინიციატივა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა და ძალაში დარჩა დღეს მოქმედი ნორმა. „ამ კანონპროექტმა არსებობა დაასრულა. სურვილის შემთხვევაში, მისი ხელახალი განხილვა მხოლოდ საშემოდგომო სესიაზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა დღეს კიდევ ერთი, საკანონმდებლო ინიციატივა 46 ხმით, 44 წინააღმდეგ ჩააგდო. კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე კანონმდებლებმა დღეს მეორე მოსმენით იმსჯელეს.
კენჭისყრამდე, საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა. კანონპროეტქს მოწინააღმდეგეები იყვნენ, როგორც უმცირესობის ისე უმრავლესობის წარმომადგენლები.
საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს დამატებით მუშაობას, კონსულტაციების გაგრძელებას, იმ სფეროების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენას, რომელთაც აღნიშნული აკრძალვა შეეხებოდათ. უმრავლესობაში გამოითქვა შიშიც იმის თაობაზე, რომ კანონის მიღება ბიზნესის ამ სეგმენტის გარდა, სარეკლამო ბაზარსაც სერიოზულად დააზარალებდა.
თავის მხრივ, კობა დავითაშვილისთვის ყველაზე მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის, თუ რატომ გახდა მის მიერ წარდგენილი ინიციატივა უმრავლესობის წევრებისთვის კონცეპტუალურად მიუღებელი ახლა, როცა საკითხი პრინციპების დონეზე მიღებული და მხარდაჭერილი იყო. მან პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაპირველად პროექტის კენჭისყრის ხვალინდელი სხდომისთვის გადადება სთხოვა, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება იმ არგუმენტის საფუძველზე შეცვალა, რომ ინიციატივის მოწინააღმდეგე კოლეგებთან ამ თემაზე კონსულტაციებს აზრი არ ჰქონდა.
აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი და პარლამენტის მიერ დღეს უარყოფილი პაკეტის თანახმად, აკრძალვები 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
პარლამენტმა „დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი 91 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონმდებლებმა, დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს. მხოლოდ ერთი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად ხვალინდელი სხდომისთვის გადაიდო.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 11:01
 
modules