სხდომის ოქმი #27

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N27

30 აპრილი 2013  წელი

16. საათი

(სხდომათა დარბაზი N5 )

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა  - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ფრიდონ საყვარელიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირინე იმერლიშვილი და კომიტეტის წევრები: კარლო კოპალიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, მარიამ ქაჯაია, ზურაბ ტყემალაძე, ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე  გიორგი ცაგარეიშვილი, ბიძინა გუჯაბიძის ადგილმონაცვლე - მერაბ კაჭახიძე

სხდომაზე  მოწვეულები:  ელისო ჩაფიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი - საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავმჯდომარე - ეკა გიგაური და ამ ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი - მდინარა დოხნაძე,  აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები 
 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

            1.საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს   პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვა (#07-3/76)

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

    2.საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა (07-3/81,15.04.13)

/მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე/

 

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის წინადადებას საკითხების განხილვის რიგითობის ცვლილებასთან დაკავშირებით და ერთხმად  დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

 სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):


1.  საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა (07-3/81,15.04.13) 

/მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე/

 2.  საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვა (#07-3/76)

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა (07-3/81,15.04.13) 

მოისმინეს: ელისო ჩაფიძის მოხსენება.  როგორც ინიციატივის ავტორმა აღნიშნა,  იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში წარმოდგენილი ინიციატივის განხილვა ხდება მეორედ, ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ძირითად პრინციპებზე და საკანონმდებლო ინიციატივის იმ ნაწილზე, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება.

      საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად  ქართულ ტელესივრცეში შემოდის ისეთი სავალდებულო ინსტიტუციები, როგორებიცაა მასთ ქერი და მასთ ოფერი, აგრეთვე დგინდება ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები, კერძოდ საერთო ეროვნული მაუწყებლისათვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების ვალდებულება, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიო დეპარტამენტის რეფორმირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრა პრინციპით „ერთი ქვეყანა - ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მაუწყებელი. ამავდროულად, უნდა  შემუშავდეს მისი გარდაქმნის ისეთი ფორმა, რომელიც გაითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს.

       როგორც მომხსენებელმა აღნიშნა - განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ მთავარი საკითხები, რაც იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას არის შემდეგი:

       პირველი - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი.  ელისო ჩაფიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო წარმომადგენლის საექსპერტო შეფასების თანახმად, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო შედგება 9 წევრისაგან და ის, რომ მათი არჩევის წესი დივერსიფიცირებულია და მხოლოდ პრეზიდენტს არ აქვს კანდიდატურების წარდგენის უფლება - ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესი იცვლება და ტარდება ორ ეტაპად. პარლამენტის თავმჯდომარესთან, მაგრამ არა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არამედ პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 კაციანი კომისია აკადემიური წრეებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისაგან.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში, მომხსენებლის აზრით, მსჯელობა უნდა იყოს სწორედ ამ მიმართულებით რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და მისთვის, როგორც ინიციატორისათვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება კომიტეტის მიერ გამოთქმული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინება.  

         შემდეგ ორ ეტაპად ხდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა. პირველ ეტაპზე ხდება პარლამენტის დადგენილებით შექმნილი კომისიის მიერ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმება, კონკრეტულად ამ საბუთების შესაბამისობის დადგენა კანდიდატებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ზუსტდება, კერძოდ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის ან მედია სფეროში, მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რეპუტაცია და ასე შემდეგ.

       როგორც მომხსენებელმა აღნიშნა - პირველი ეტაპის ანუ კანდიდატურების მიერ წარმოდგენილი საბუთების კანონთან შესაბამისობის გადამოწმების შემდეგ, იწყება მეორე ეტაპი - სამეურვეო საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია  და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში. კომისიას, რომელიც აწარმოებს კანდიდატურების შერჩევას, როგორც ელისო ჩაფიძემ აღნიშნა აქვს ვალდებულება თვითონ შეიმუშავოს დებულება, რომლითაც იხელმძღვანელებს და წარმართავს პროცედურებს. 

კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორე სამ წევრს – პარალმენტის დანარჩენი წევრები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილ 2 კანდიდატს ირჩევს სახალხო დამცველი და ამ კანდიდატებს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საპარლამენტო უმრავლესობის არ არსებობის შემთხვევაში, კვოტები ნაწილდება  ფრაქციების შემადგენლობის პირდაპირპროპურციულად. დღევანდელი მოცემულობით, როგორც ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, არ- უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებს აქვთ სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება, მაგრამ თითოეული კანდიდატის წარდგენას ხელს უნდა აწერდეს არანაკლებ 17 დეპუტატი. აღნიშნული კვოტები ნარჩუნდება და არ ხდება მექანიკურად ამ კვოტების გადაფარვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობა, რის შედგადაც მივიღებთ დამოუკიდებლობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

რაც შეეხება, აჭარის ტელევიზიას, როგორც ინიციატორმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის გარდაქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად და არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში განსაკუთრებული სტატუსით მის ჩართვას, ბუნებრივია, ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით. აჭარის ტელე-რადიომაუწყებლობის რეფორმირება, ინიციატორის აზრით არის საერთაშორისო ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის თანახმადაც არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებული სახელმწიფო ტელევიზია. პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ქონების გადაცემასა და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყდება შემდეგი წესით, კერძოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აფუძნებს არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არამედ ფუძნდება კანონით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მას აჭარის ქონების მართვის სამინისტრო მუდმივი სარგებლობისათვის პირველადი სარგებლობის უფლებით გადასცემს ამჟამად აჭარის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის კუთვნილებაში არსებულ ქონებას.  ასევე იცვლება დაფინანსების წესი - ანუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაცვლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით,  ინიციატორები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას ნაცვლად 0,12%-ისა 0,14%, საიდანაც 15% გადაირიცხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ანგარიშზე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძირითადი დისკუსია სამუშაო შეხვედრებისა და განხილვების დროს მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედების თარიღთან დაკავშირებით.    ელისო ჩაფიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს წესი  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო საექსპერტო დასკვნის თანახმად შეფასებულია, როგორც მრავალწახნაგოვანი და მოქნილი, თუმცა მათივე რეკომენდაციის თანახმად, მიზანშეწონილი იქნება, რომ ამ ახალი წესის ამოქმედება არ დაუკავშირდეს  საარჩევნო ციკლს. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განიხილავენ ამ ახალი რეგულაციის ამოქმედების  ორ ვერსიას: პირველი 2014 წლის 1 იანვრიდან და მეორე - როტაციის წესით უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, არსებობს უფრო რადიკალური ვერსიების, მაგალითისათვის „მედია-ადვოკატირების“ ასოციაცია, რომელიც ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციაა, ითხოვს ახალი რეგულაციების ამოქმედებას დაუყოვნებლივ, კანონის მიღებისთანავე. არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომლის თავმჯდომარე და წევრებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას, მიესალმებიან ახალი წესის 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების ვერსიას.  

აზრი გამოთქვეს:

ფრიდონ საყვარელიძემ დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს შორის?

ელისო ჩაფიძემ ფრიდონ საყვარელიძის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული პიროვნება, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ კომისიის მიერ შერჩეული იმ ნომინანტებიდან, რომელსაც შესთავაზებთ კომისია კონცეფციების განხილვისა და საჯარო დებატების შეჯამების შემდეგ. აგრეთვე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო ბიუჯეტიდან, აჭარის რადიო და ტელევიზია მაუწყებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეზე და ის იწოდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიად. აჭარის ტელევიზია ვალდებულია ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილისა თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე ფინანსური ანგარიში. ამ ტელკომპანიებზე კონტროლს და მინიტორინგს განახორციელებს საქართველოს პარლამენტი, რომელსაც აქვს ამ ზედამხედველობის უფლება.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აქვს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების დროს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება.

კარლო კოპალიანი დაინტერესდა თუ რატომ უნდა ამოქმედდეს სამეთვალყურეო საბჭოსთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული ახალი რეგულაციები 2014 წლის 1 იანვრიდან, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლებული გენერალური დირექტორი სასამართლომ აღადგინა თავის პოზიციაზე. რამდენად აკმაყოფილებს აჭარის ტელევიზია დღევანდელ მოთხოვნებს. მისი აზრით დაომპლექტების ახალი წესი უნდა ამოქმედდეს დაუყოვნებლივ

ელისო ჩაფიძემ კარლო კოპალიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია ეს სულისკვეთება, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილიც სწორედ ამ მოთხოვნას აყენებს, მაგრამ მისი აზრით, მნიშვნელოვანია უფრო  გრძელვადიანი პერსპექტივა - იმგავარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ყველა საერთაშორისო ვალდებულებებისა და სიტუაციის გათვალისწინებით, რომ მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი ტელევიზია. ამასთანავე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა არის საერთაშორისო ვალდებულება. ელისო ჩაფიძემ გამოთქვა რწმენა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული რეგულაციების განხორციელების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა „ქართულ ბიბისის“ მიიღებს.

მამუკა ანდღულაძემ /“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ -წარმომადგენელი/  აღნიშნა,  რომ მისი ორგანიზაციაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად არაერთხელ აყენებდა მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ 21-ე საუკუნეში არსად არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ტელევიზია, ამგვარად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა არის პროგრესული ნაბიჯი, ხოლო ის „შიშები“ რომლებიც შეიძლება არსებობდეს ამგვარ ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია გადაილახოს აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობით, ხოლო ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს კანონით და არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე.

ეკა გიგიაური  /“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - თავმჯდომარე/ მიესალმა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მიერ წარმოდგენილ ბოლო ვერსიას, რომ ახალი სამეთვალყურეო საბჭო და მასთან დაკავსირებული რეგულაციები ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. ეკა გიგგაურმა აღნიშნა, რომ  მისი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ინიციატივის შემუსავების პროცესში და ეთანხმება მის ყველა ძირითად პრინციპს. მეორე მოსმენისათვის მნიშვნელოვანი იქნება რომ მეტი ჩართულობა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზიისა და საკაბელო მაუწყებლების წარმომადგენლების ჩართულობის თვალსაზრისით.

ელისო ჩაფიძემ განმარტა რომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საკანონმდებლო ინიციატივის განხილვების პროცესში წამყვანი კომიტეტის სხდომებზე, თუმცა ისინი არ ესწრებიან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის ის ნაწილი, რომელიც კომიტეტის კომპეტენციაა- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები - არ წარმოადგენს მათი ინტერესის საგანს. რაც შეეხება საკაბელო მაუწყებლების  ჩართულობას - მათ აუცილებლად მოიწვევენ საკანონმდებლო ინიციატივის მეორე მოსმენით განხილვის დროს წამყვანი კომიტეტის სხდომაზე.

ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა კომიტეტის სხდომაზე გამართული მსჯელობა და  წარმოადგინა კომიტეტის პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადადა ერთიანებს რეგლამენტის პროცედურებთან დაკავშირებულ ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს, კერძოდ:     

-     მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ახალი რედაქციით ყალიბდებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლი, რომლის მე-13 პუნქტის მიხედვით უფლებამოსილ სუბიექტებს უფლება აქვთ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინონ ერთი და იგივე კანდიდატურა ორჯერ, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, უფლებამოსილი სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს ახალ კანდიდატს. ბუნდოვანია რა არის კანონმდებლის მიზანი, კერძოდ შესაძლოა თუ არა პარლამენტს ასარჩევად განმეორებით წარედგინოს ის კანდიდატი, რომელმაც პირველი კენჭისყრის დროს ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, რაც ასევე განსაზღვრულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წარმოდგენილსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტში, რომლის მიხედვითაცერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა შეიძლება ორჯერ“.  თუ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით პარლამენტისათვის კანდიდატის ხელახლა წარდგენის შესაძლებლობა არსებობს, ამ შემთხვევაში კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის მე-12 პუნქტში ტერმინიახალი კანდიდატიშეიცვალოსიმავე ან სხვა კანდიდატით“.

 -             მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის 22-ე პუნქტის მიხედვით მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონს ემატება 355 მუხლი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სამ კანდიდატს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი უმრავლესობას როგორც უმაღლესი საბჭოს სუბიექტს არ იცნობს. ამიტომ გაურკვეველია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრთა კანდიდატების დასახელების უფლების მქონე სუბიექტები. აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა  წარდგენის პროცედურა და სუბიექტები მაგალითად, შესაძლებელია განისაზღვროს უზენაესი საბჭოს ფრაქციებს, მათში შემავალი დეპუტატების პროპორციულად, როგორც ეს გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა კანდიდატების წარდგენისას, თუ კანდიდატების წარდგენის დროისათვის საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა.

 

 

-             მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის 44-პუნქტი და მეორე მუხლი ადგენენ მისაღები ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეულ პირობებსა და დროს და თავისი შინაარსით წარმოადგენენ განსახილველი კანონპროექტის გარდამავალ დებულებებს, შესაბამისად სასურველია ეს პუნქტები ცვლილებებში წარმოდგენილი იქნეს კანონპროექტის დამოუკიდებელი მუხლის სახით.

 

-             საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 2151 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევად იქმნება საკონკურსო კომისია, რომლის დებულებასაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, თუმცა წარმოდგენილი პროექტით შესაბამისი ცვლილებები ასახული არ არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლში, კერძოდ პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებათა ჩამონათვალში.

 

-              საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს“ ემატება 2291 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მხოლოდ სამი საფუძველი, მაშინ როდესაც მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის  პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად ასევე ითვალისწინებს შემთხვევას, როსდესაც მეურვის „მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარებს - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან“, თუმცა ეს შემთხვევა რეგლამენტის პროექტში ასახული არ არის და აქედან გამომდინარე გაურკვეველი რჩება საკითხი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს უფლემაბამოსილების შეწყვეტის საკითხი აღნიშნულ  შემთხვევაში.

          

-              „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 2151 მუხლი, რომლის მე-8 პუნქტის მიხედვითთუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც დასახელებული იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის მომენტისათვის პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის დასახელების უფლების მქონე სუბიექტის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ ხმების რა რაოდენობით იყო არჩეული უფლებამოსილებაშეწყვეტილი მეურვე“. აქვე მითითება კეთდება იმის თაობაზე, რომამ შემთხვევაში მოქმედებს ამავე მუხლის მე-1 პუნქტით დადგენილი წესი“, თუმცა აღნიშნული პუნქტი ეხება საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების საკითხს და ბუნდოვანია რის შესახებ აკეტებს მითითებას პროექტის ავტორი.

 

-              „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დასახვეწია სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. რეგლამენტის პროექტში ბევრია ტერმინოლოგიური ხასიათის უზუსტობანი, მაგალითად, საკონკურსო კომისია ტექსტში ნახსენებია როგორც „საკონკურსო კომისია“, „საპარალამენტო კომისია“,  „კომისია“ ან „საპარლამენტო საკონკურსო კომისია“, რაც გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ. გარდა ამისა წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტში გამოყენებულია ტერმინი „პარლამენტის დანარჩენი წევრები“, ხოლო ზოგ შემთხვევაში „პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში“. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია არ იცნობს ტერმინს „პარლამენტის დანარჩენი წევრები“, სამარლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით  უმჯობესი იქნება თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე რეგლამენტის პროექტის მთელ ტექსტში გამოყენებული იქნება ერთი ტერმინი, კერძდ -  „პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში“.

 

 კომიტეტის წევრები და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დაეთანხმნენ კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს.

კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს(ერთხმად):

კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/81,15.04.13)

/დასკვნა თან ერთვის/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვა (#07-3/76)

     

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანსწარმოადგენს, რომ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არიან უმრავლესობაში  ან უმცირესობასი ჰქონდეთ უფლება პლენარულ სხდომებზე რეგლამენტით განკუთვნილი გამოსვლის დრო დაუთმონ უმრავლესობაში ან უმცირესობასი გაერთიანებულ სხვა ფრაქციას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულკ ფრაქციებს შორის კომიტეტებში გადანაწილებული იქნეს კვოტები. 

 

აზრი გამოთქვეს:

ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად არა ვალდებულება, არამედ სურვილია, თუ უმრავლესობასი გაერთიანებულ  ფრაქციას უნდა თავისთვის განკუთვნილი დრო უმრავლესობაში გაერთიანებულ სხვა ფრაქციას დაუთმოს.  რაც ბუნებრივია არ შექმნის არანაირ პრობლემას

ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ  მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისათვის  აღნიშნული შინაარსის ნორმის დამატება, ვინაიდან საპარლამენტო ფრაქციის მიერ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას კონკრეტულ საკითხზე აზრის გამოთქმა, ან პოზიციის დაფიქსირება წარმოადგენს მის უფლებამოსილებას, რომელსაც იყენებს ან არ იყენებს. ასეთი უფლებამოსილება რეგლამენტის მიხედვით გააჩნია ყველა საპარლამენტო სუბიექტს და ასევე განსაზღვრულია შესაბამისი დროის ხანგრძლივობაც. აღნიშნული უფლების არსებობის მიზანს წარმოადგენს ის, რომ საპარლამენტო განხილავში მაქსიმალურად მონაწილეობდეს ყველა საპარლამენტო სუბიექტი და თითოეულს შეეძლოს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება კონკრეტული საკითხის მიმართ. საპარლამენტო ფრაციებისათვის, როგორც ცალკე სუბიექტისათვის დროის გამოყოფა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საკითხის განხილვისას კონკრეტული ფრაქციის, როგორც ცალკე საპარლამენტო სუბიექტის შეხედულება და პოზიციაა მნიშვნელოვანი. ფრაქცია, მისი აზრით, არ უნდა იყოს უმრავლესობასა და უმცირესობის შიგნით არსებული ტექნიკური წარმონაქმნი, ყველა ფრაქციამ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება.

აღნიშნული პრინციპი მოქმედებს აგრეთვე პარლამენტის წევრების მიმართაც, რომლებსაც რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება არა აქვთ, მათი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმონ სხვა პარლამენტის წევრს.

ირინე იმერლიშვილის აზრით, ამგვარი ნორმის ამოქმედება დისკრიმინაციული იქნება იმ ფრაქციების მიმართ, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც უმრავლესობასა და არც უმცირესობაში.

ფრიდონ საყვარელიძე დაეთანხმა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფრაქცია არ უნდა იყოს ტექნიკური წარმონაქმნი და ყველა ფრაქცია უნდა აფიქსირებდეს თავის მოსაზრებას.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და არგუმენტებს წარმოდგენილი ინიციატივის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ფარქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილ კანონპროექტს გაიტანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს:

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად

 

კენჭისყრაში მონაწილეობდა სხდომაზე დამსწრე პარლამენტის 8 წევრი

მომხრე - 3 წევრი

წინააღმდეგი - 5  

 

გადაწყვიტეს:

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიუღებლად იქნეს მიჩნეული

/დასკვნა თან ერთვის/

 

 

  კომიტეტის თავმჯდომარე                                           

 

 

            ირინე იმერლიშვილი

    

    კომიტეტის  აპარატის                                     

            უფროსი

                                                                          მდინარა დოხნაძე

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules