პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დევიდ მორანთან
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 15:30

 

დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. ასეთი იყო საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დევიდ მორანის მთავარი გზავნილი, რომლის თაობაზე მან დღეს საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქართველ კანონმდებლებს გააცნო თავისი ქვეყნის პრიორიტეტები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასთან მიმართებაში და ვრცლად ისაუბრა ამ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრზე საუბარი შეეხო მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის განათლებასა და კულტურულ ურთიერთობებს, სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირების გააქტიურებას, ბრიტანეთის მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარების საქმეში, რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ამ სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობის როლს და სხვა.
დევიდ მორანის შეფასებით, საქართველში სტაბილურობა, კეთილდღეობა და დემოკრატია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თვით საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს იმით, რომ გასულ წელს მართლაც დემოკრატიული არჩევნები გაიმართა და მთავრობის შეცვლა დემოკრატიული გზით მოხდა. ელჩმა დეპუტატთა კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს და დიდი ბრიტანეთის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც დაეთმო და ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ისაუბრა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
„ჩვენთვის მისაბაძია ის საპარლამენტო ტრადიციები, რაც ბრიტანეთში შემოინახა. პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთში აქვთ გააზრებული. ამ მოწვევის პარლამენტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად გვაქვს დასახული პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, მართლაც ჭეშმარიტად ხალხის წარმომადგენლობით ორგანოდ ქცევა და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი. ბევრი ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს დაგვეხმაროს, მაგრამ თქვენი მხრიდან დახმარება იქნებოდა სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და იმედი გამთქვა, რომ ახლო მომავალში მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში პარლამენტთაშორის თანამშრომლობის განმტკიცების კუთხით გარკვეულ წვლილს შეიტანს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა პარლამენტის წევრებისათვის საინტერესო იყო, ვინაიდან, როგორც მან აღნიშნა „დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ამ ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და უფრო ძლიერი გამხდარიყო“.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 16:08
 
modules