საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხდომის ოფიციალური გახსნა
ხუთშაბათი, 02 მაისი 2013 18:09
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ახალგაზრდა სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ახალგაზრდა კოლეგებს დავით უსუფაშვილი მიესალმა. „პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ ძალიან რთულია. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ვერთვებით დიდი დილემის წინაშე ვდგებით. უნდა მოვახერხოთ გავარკვიოთ სად გადის ზღვარი პირად, საზოგადოებრივ თუ საქვეყნო ინტერესებს შორის. გისურვეთ, რომ თქვენ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში, რათა მთელი ენერგია და ცოდნა ქვეყნის სამსახურს მოახმაროთ“, - მიმართა ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა სტუმრებს საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. მან ახალგაზრდა პარლამენტარებს კომიტეტის სხდომებზე დასწრების, კანონპროექტების განხილვაში აქტიური მონაწილეობის მიღებისკენ და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „მზად ვართ ყველა თვალსაზრისით მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა თავიანთი სიტყვა თქვან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელმა, თეონა ლავრევაშვილმა სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარეები და მისი მოადგილეები წარადგინა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. „მინდა გავიხსენო პატრიარქთან შეხვედრა სადაც ის ამბობს, რომ არ დავყოთ ახალგაზრდები პარტიებად, არამედ გავაერთიანოთ ისინი იდეებად“, - აღნიშნა თეონა ლავრევაშვილმა თავისი გამოსვლისას. ახალგაზრდული პარლამენტის სხდომას დიპლომატიური კორპუსის, გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. „თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ გახდეთ აქტიური მოქალაქეები და მთელ მსოფლიოს თავდაყირა დააყენებთ“, - განაცხადა გაეროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ინიტა პავულოვიჩამ ახალგაზრდული პალამენტის სხდომაზე. „მინდა მოგილოცოთ სესია! გისურვებთ საინტერესო მუშაობას და მწვავე დებატებს. თქვენ მართლაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ქვეყნის მომავალი“, – ასე მიმართა ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებმა პარლამენტში, მათ საპატივცემულოდ გამართული მიღების შემდეგ შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის ამავე კომიტეტის წარმომადგენლებთან, თინა ხიდაშელთან და შოთა ხაბარელთან, სადაც სპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 2013 წლის მოწვევის 100 ახალგაზრდა დეპუტატი მაღალი კონკურენციის პირობებში, კონკურსის საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა.