|
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოკუპირებულული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილებოდა, თუმცა კენჭისყრაზე არ დამდგარა, რადგან ოპოზიციის მხრიდან მწვავე დისკუსია გამოიწვია და მისი განხილვის პროცედურა არ დასრულებულა. სხდომის თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა 15 მაისის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. დღევანდელი პლენარული სხდომა ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვით დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს. სხდომის გახსნისთვის აუცილებელი კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატების რეგისტრაცია ორჯერ გაიმართა. უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი გაბაშვილის განმარტებით, უმცირესობის მიერ რეგისტრაციაში მონაწილეობის არმიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. „ყველა მეთოდით შევეცდებით, რომ განხილვა გადაიდოს. რუსეთის მოთხოვნაა დასუსტდეს „ოკუპირებული ტერიტირიების შესახებ“ კანონი, მაშინ როცა დეოკუპაციის მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგუმულა“,-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. კანონპრექტით, რომელიც საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა პასუხისმგებლობას იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, აღნიშნულში მოიაზრება როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით. ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი თანხმობა შეიძლება გაიცეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგაც. „ჩვენი მიზანია, რომ სასჯელი უფრო პროპორციული და სამართლიანი იყოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. როგორც მან საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, ეს არ ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა კონტროლის ეფექტური მექანიზმებით უფრო მიიღწევა, ვიდრე სასჯელის სიმკაცრით. „ეს წაადგება ქვეყნის იმიჯს და იქნება სამშვიდობო ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ჩვენ ვართ პრინციპულები, მაგრამ ჰუმანურები და იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, არ ვსჯით უდანაშაულო ადამიანებს. სამართლებრივად უფრო გამართლებულია, რასაც ჩვენ გთავაზობთ. მე ვერ ვხედავ ამ საკითხის პოლიტიზირების და მითოლოგიურ განხილვებში გადატანის აუცილებლობას“,- აღნიშნა ციხელაშვილმა. უმრავლესობის წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ვერც ცვლილებების მიზანს და ვერც წინააღმდეგობის მიზანს. „ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის ვნებათაღელვა, რომელიც ამ კანონპროექტის როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან არსებობს. ძალიან ყურადღებით წავიკითხე და ვერ ვხედავ ამ კანონპროექტით მიღწეულ მიზნებში და შესაძლებლობებში ვერც ევროკავშირში შესვლას, ვერც სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის რეჟიმში შესვლას, ვერც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. განცდა მაქვს, რომ ეს არის კამათი კამათისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა. დეპუტატმა არც ის ნორმა მოიწონა, რომლის მიხედვით, პირველი დარღვევა ადმინისტრაციული სახისაა, მეორე კი - სისხლისსამართლებრივი. „პირველი დარღვევის დეკრიმინალიზაცია ხდება, მეორე შემთხვევაში კი - ისევ რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩვენ იურისპრუდენციაში გვასწავლიდნენ, რომ ეს ძალიან არასასურველი ნორმაა“, - აღნიშნა დავითაშვილმა. უმცირესობის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, კანონში შესატანი ცვლილებების საფუძველზე ქვეყანას, ერთი მხრივ, ექნება საზღვარი, რომელიც შეიძლება დაარღვიო და ამის გამო მხოლოდ დაჯარიმდე და, მეორე მხრივ , საზღვარი, რომლის დარღვევის შემთხვევაში, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ ადამიანებს, რომელთაც ოკუპაციასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.მისივე თქმით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, კანონით განსაზღვრული სანქცია არ შეხებიათ. „კანონის ამოქმედების დღიდან არც ერთი ასეთი კატეგორიის ადამიანი არ დაუკავებიათ. დააკავეს ისეთი ადამინები, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ ოკუპაციასთან და საქართველოს სუვერენიტეტს მიზანმიმართულად ძირს არ უთხრიან. ჯოხი უდანაშაულო ადამიანებზე გადატყდა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. უმცირესობის წარმომადგენლის, გოგა ხაჩიძის დაინტერესების პასუხად, თუ რომელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა ეს ცვლილებები, ციხელაშვილმა განცხადა, რომ მას შეუძლია უამრავი ანგარიში ჩამოთვალოს. „შემიძლია ჩამოგითვალოთ ათეულობით ანგარიში და რეკომენდაცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოსი და სხვების“, - განაცხადა ციხელაშვილმა. მისივე განმარტებით, ეს ცვლილებები გამყარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ლიბერალიზებას იწონებენ. მისი თქმით, კანონში ცვლილების შეტანას ცალსახად დადებითი შეფასება მისცეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიებმა, ევროკავშირის დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროსაბჭოს ექსპერტებმა. „ევროკავშირის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს კანონში არსებული ზედმეტად მკაცრი რეგულაციები. ეს მიმდინარე წელს გამოსულ ანგარიშშიც არის დაფიქსირებული“, - განაცხადა ციხელაშვილმა. ოპოზიციის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკას, დეპუტატი გიორგი ჟვანია გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოში საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. „ის, რომ ასეთი კანონი არსებობს, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელი წლების განმავლობაში ატარებდა. ღიმილის მომგვრელია, როცა ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ ინტერესზე საუბრობს. რუსეთი, რომელიც 2008 წლამდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულფასოვან ოკუპირებას ვერ ახერხებდა, თქვენი პოლიტიკით, მას ეს დაუკანონეთ“, - მიმართა ჟვანიამ უმცირესობის წარმომადგენლებს.მისივე თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთაც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე წარმოდგენა არ აქვთ და მიმართულია იქმისკენ, რომ ასეთი პირები საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მკაცრად არ დაისაჯონ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, 15 მაისის პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.
|