|
საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამჟამად პარლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის კანონპროექტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელმაც გრძელი გზა გაიარა ვეტოს დაძლევამდე და რომელსაც პრეზიდენტმა 15 მაისამდე უნდა მოაწეროს ხელი. ხოლო თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, კანონპროექტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება, მას პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.  მეორე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში "შრომის კოდექსია“, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი დისკრიმინაციულია, ამიტომ დიდი სჯა-ბაასი მიმდინარეობს მასთან დაკავშირებით, თუმცა კომპრომისი მონახულია და უსუფაშვილის განცხადებით, მალე მივიღებთ კანონს, რომელიც დაიცავს დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლის ამოცანაც, მისივე განმარტებით, არის ტელევიზიის გათავისუფლება და არა ერთი ხელიდან მეორეში გადაცემა. ამ საკითხს დავით უსუფაშვილი მოგვიანებითაც მიუბრუნდა, როდესაც ჟურნალისტებმა ამ საკითხზე კითხვა დასვეს და განაცხადა, რომ ის უნდა გახდეს ნამდვილად საზოგადოებრივი და არა გამარჯვებული პარტიის არხი. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე კოოპერატივების შესახებ, რომელიც პოზიტიური ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ ღირსეულად ცხოვრება და თავის რჩენა.
"სახელმწიფო უნდა შენდებოდეს ქვემოდან ზემოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს თვითმმართველობის რეფორმა" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში ახლო მომავალში ელოდებიან მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. ასევე განსახორციელებელია რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაზე იმსჯელებს პარლამენტი, დანარჩენი ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდება. შესაბამისად იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების სახელმწიფო კომისიის შექმნა. დავით უსუფაშვილი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. შეკითხვები შეეხებოდა კოალიცია "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის საკითხს, 9 მაისის აღმნიშვნელ ღონისძიებებს, ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხის ჩასმის პერსპექტივას, საზოდაგოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევისა და სხვა საკითხებს. დავით უსუფაშვილმა ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს და აღუთქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კიდევ შეხვდება ჟურნალისტებს და ასეთი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება.
|