პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 20:34

უსაფრთხოება, კონფლიქტური რეგიონები და დემოკრატია, ამ თემებზე წარიმართა საუბარი დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლფგანგ გროსრუკისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ჟოაო სუარეშის შეხვედრაზე.
„ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია უსაფრთხოების დაცვაზე ევროპასა და კიდევ უფრო ფართო რეგიონში, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგობის გამო საქართველოში ეუთოს მისია, როგორც მუდმივი წარმომადგენლობა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ჩვენ გვიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, კონტაქტების დამყარება ყველა დონეზე, ვენაში, ვარშავაში სადაც დემოკრატიის ოფისია განლაგებული. საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ ჩვენი პოზიციების გამყარებას უნდა მივაღწიოთ. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანამშრომლობის ამ მიმართულებებზე - უსაფრთხოება, კონფლიქტური რეგიონები და დემოკრატია.
მე სტუმრები დავარწმუნე იმაში, რომ ახალი მთავრობა ცდილობს გამოძებნოს ახალი გზები, რათა ეუთოს წარმომადგენლობა, მისი საქმიანობა საქართველოში იყოს უფრო პროდუქტიული და ინტენსიური და მოვახერხოთ იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რომლებიც რუსეთის გამოა შექმნილი“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ვოლფგანგ გროსრუკის შეფასებით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი დემოკრატიის ქვეყანაა, რაშიც ის ამ ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრებისას დარწმუნდა. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 08 მაისი 2013 20:54
 
modules