საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
Thursday, 09 May 2013 13:19
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით: „ფაშიზმზე გამარჯვება არ იყო ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე გამარჯვება, ეს იყო სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და ამ საქმეში გაერთიანებული იყო მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს, ამ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომელთაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის. მაშინ ჩვენი სამშობლო სხვა ქვეყნის ნაწილი იყო, მაგრამ ის ხალხი ვინც საქართველოდან შეეწირა ამ ომს, თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. მაშინ ამ პროცესში მონაწილეობდა მთელი დემოკრატიული სამყარო. როგორც დღეს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით წვლილი შეგვაქვს მსოფლიო საქმეში და ვცდილობთ მსოფლიო დავიცვათ საფრთხეებისგან, ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, ამიტომ თითოეული მონაწილე დაფასების ღირსია და ვინც დღეს ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით არის უნდა გავუფრთხილდეთ, მათი ცხოვრება შევამსუბუქოთ და დავუფასოთ ღვაწლი“.