ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლის აღსანიშნავად დღეს თბილისში, პარლამენტის სასახლეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით ომის ვეტერანებისათვის მიღება გაიმართა.
დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაული და განაცხადა „ეს დღე თქვენ მოუტანეთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობას. თქვენი თავდადებით, თქვენი შემართებით და სიმამაცით გახდა შესაძლებელი, რომ სრულიად მსოფლიო განთავისუფლდა იმ საფრთხისგან, რასაც ფაშიზმი ჰქვია, ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით თქვენს წინაშე, თქვენი დამსახურების, თქვენი გმირობის წინაშე. ჩვენ გვინდა ვიშრომოთ ისე, რომ თქვენ გაგიჩნდეთ განცდა, რომ ემსახურებოდით სამშობლოს, ემსახურებოდით ქვეყანას, რომელიც დღეს თავისუფალია, დამოუკიდებელია და ახლა სხვა ამოცანები, სხვა გამოწვევები აქვს. მაგრამ რომელსაც ისევე ჭირდება დაცვა, როგორც თქვენ იცავდით იმ შორეულ წლებში“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვეტერანების დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე და განაცხადა, რომ არა მხოლოდ 9 მაისს, ყოველდღე უნდა ზრუნავდნენ თაობები მათ კეთილდღეობაზე, ასევე ბოდიში მოუხადა იმ პოლიტიკოსების გამონათქვამების გამო, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მათი ბრძოლის მიზნებს, ვისთვის და რატომ იბრძოდნენ ისინი.
„მე მივმართავ ყველას, ვინც ამ თემებზე მსჯელობს, ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედონ ისტორიაში და კარგად გააანალიზოს მოვლენები, მაშინ ჩვენი სამშობლო სხვა ქვეყნის ნაწილი იყო და მას ცალკე ვერ დაიცავდით. იმ წლებში მთელი დემოკრატიული მსოფლიო გაერთიანებული იყო და ერთად ებრძოდა საერთო საფრთხეს“. მან ასევე გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენი უბედურება გადაიტანა ქვეყანამ, მათ შორის ის მძიმე პერიოდი, როდესაც ქართველებმა ერთმანეთის წინააღმდეგ აღმართეს ხელი. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა თანამედროვე პირობებში ქართველების მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიაში და განაცხადა: „ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც სამშობლოდან შორს ავღანეთში იხდიან თავიანთ ვალს, ემსახურებიან გლობალურ საქმეს, გლობალურ მშვიდობას. ამას ემსახურებოდით თქვენც იმ წლებში. არანაკლები ძალისხმევა დაგჭირდათ იმ ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც განადგურებულ, გაპარტახებულ ქვეყანას აღდგენა ჭირდებოდა და ამ საქმეშიც თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე, მთავრობის სახელით მათ სოზარ სუბარმა მიმართა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა დამსწრეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, მოსე მდინარაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის სახელით ვეტერანებს საჩუქრები გადაეცათ.