|

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი მიაგეს ორი დღის წინ ავღანეთში ტერორისტული თავდასხმისას დაღუპულ, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნას. პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების განცხადებებს დაეთმო. გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანის რაიონში გუშინდელი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერმა სეტყვამ და მისგან გამომდინარე ადიდებულმა მდინარემ ინფრასტრუქტურის და სასოფლო სავარგულების დაზიანება გამოიწვია. ზარალის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მან მთავრობისგან კომპეტენტური კომისიის შექმნა მოითხოვა. „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ახლა ვტოვებ სხდომას და მივდივარ დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, გიორგი ხაჩიძემ და გიორგი თარგამაძემ ქვეყანაში კერძო კომპანიებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველის მიერ ორ სარეკლამო კომპანიაზე ბიზნესის წართმევის მიზნით ზეწოლა ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო მივლინებების შესახებ ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საგარეო მივლინებების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და დიპლომატიური კორპუსი ამ ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში ჩართული არ არის. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან საჯარო განცხადების გაკეთება და პრეზიდენტის მომდევნო ვიზიტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ზაქარია ქუცნაშვილსაც აქვს. „ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ვიზიტების თაობაზე. გვაინტერესებს თუ რა თანხებით ფინანსდება ეს მივლინებები და არის თუ არა ეს სამუშაო ან კერძო ვიზიტები. ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ მოწვეული იქნას უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პრეზიდენტის საზღვარგარეთ მოგზაურობების თაობაზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემას პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე შეეცადა, რომელმაც განმარტა, რომ საგარეო პოლიტიკაში მონაწილეობა პრეზიდენტს კანონმდებლობით ევალება და გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა მისი პარლამენტში მოსვლის დროს შეეძლებათ. განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნით ალექსანდრე ქანთარიამ, ვახტანგ ლემონჯავამ, ნუგზარ წიკლაურმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიგლა აგულაშვილმა ისარგებლეს. განცხადებების დასრულების შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შეუდგნენ. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული 2 მაისის პლენარულ სხდომაზე დაწყებული გამოსვლები გააგრძელა და საპარლამენტო უმრავლესობის დროის სარგებლობისთვის სიტყვა პარლამენტის წევრს, გიორგი ვოლსკის გადასცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოსვლები პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დაასრულა. „მივიჩნევთ თუ არა აფხაზებს და ოსებს ჩვენს მოქალაქეებად და გვინდა თუ არა, რომ მათ იკონტაქტონ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან? და თუ ეს გვინდა რატომ უნდა გამოვაცხადოთ ისინი დამნაშავეებად? ჩვენი სურვილია აფხაზები და ოსები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და უფრო მეტიც, გვინდა, რომ მათ მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან. ჩვენ არ განვიხილავთ მათ როგორც მტერს და ვქმნით წინაპირობას ურთიერთობების აღდგენისთვის“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნითი სიტყვით მომხსენებელი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი წარსდგა. მისი განცხადებით, დიდი დრო დაეთმო საკითხის განხილვას და არაერთ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. მისი შეფასებით, მთავრობამ კანონპროექტი ევროპელი პარტნიორების მოწოდებების საფუძველზე მოამზადა და იგი ახლა სამართლებრივად უფრო გამართლებული ფორმით არის წარმოდგენილი. მანვე პარლამენტის წევრებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო და უმცირესობის მხრიდან მასთან დაკავშირებულ გამოთქმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა თანამომხსენებლებს დაეთმოთ. იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელობამ პარლამენტის წევრებს კომიტეტების დასკვნები წარუდგინეს. ვახტანგ ხმალაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს, ეკა ბესელიამ კი შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. „მქონდა შესაძლებლობა თქვენს კითხვებზე პასუხი გამეცა. მე ჩემი მოსაზრება გაგიზიარეთ, მაგრამ დღეს თქვენს კითხვებს არ ვუპასუხებ. ამ თემაზე ყველა არგუმენტი გამოთქმულია და იქიდან გამომდინარე, რომ აშკარად ჩანს, რომ კითხვების დასმა და პროცედურული ომი ემსახურება არა ამ საკითხზე არსებით დავას და კონცეპტუალურ საკითხებზე მსჯელობას, არამედ დროის გაყვანას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. თანამომხსენებლების შემდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ცალკეულმა დეპუტატებმაც წარმოადგინეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომის დასრულებამდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე მეორე კანონპროექტიც - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა. პლენარული სხდომისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის გამო დღევანდელი სხდომა საკითხის ბოლომდე განხილვის გარეშე დასრულდა. დღეს განხილულ საკითხებზე კენჭისყრის პროცედურა ხვალინდელ სხდომაზე შედგება. პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებით, მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 18 საათზე გაიმართება. |