დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 16 მაისი 2013 18:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების წარჩინებით გავლისათვის სერტიფიკატები გადასცა. 

ახალგაზრდებმა სტაჟირების პერიოდში პარლამენტში საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინეს. ისინი ესწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენებს და მონაწილეოდნენ სხვადასხვა სტრუქტურების საქმიანობაში. დღეს კი მათ მოწვეული სტუმრებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა გამართეს, რომელზეც კონკრეტული საკითხები განიხილეს. ამ პროცესში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო და საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა ახალგაზრდებს.
ღონისძიების დასასრულს, დავით უსუფაშვილმა სტაჟიორებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს თვეები ორმხრივად სასარგებლო იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში გატარებული დღეები ახალგაზრდებს ლამაზ მოგონებად დარჩებათ, თუმცა მთავარი ამოცანა პროფესიული დაოსტატება იყო და თუ ზოგიერთი მათგანი პარლამენტის აპარატში მუშაობას მოისურვებს, მათ მოუწევს დაამტკიცონ პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რომ საუკეთესო კანდიდატები არიან. „მოხარული ვიქნები, თუ თქვენ შორის საუკეთესონი ხვალ უკვე შტატიანი თანამშრომლის სტატუსში იქნებით პარლამენტში და ასე გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - მიმართა სტაჟიორებს დავით უსუფაშვილმა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სტაჟიორების ინსტიტუტი მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას პარლამენტში მომავალშიც გააგრძელებენ, რათა სხვებსაც ჰქონდეთ საშუალება დეტალურად გაეცნონ პარლამენტის საქმიანობას.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ ახალგაზრდებს სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა, ენთუზიაზმისა და მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ზურაბ მარაქველიძემ წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამთქვა, რომ მათი სახით არც თუ შორეულ მომავალში საქართველოს პარლამენტი, და არა მხოლოდ პარლამენტი, საჯარო მოხელეთა სერიოზულ შევსებას მიიღებს.

პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, მარინე ასათიანის ინფორმაციით, სტაჟიორები, რომლებიც პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში იყვნენ განაწილებული, ექვსი თვის განმავლობაში საპარლამენტო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში მათ შეისწავლეს საკანონმდებლო პროცესი სხვადასხვა სტადიაზე, გაეცნენ პარლამენტის სტრუქტურას, მის აპარატს და აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შემავალი დეპარტამენტების, სამსახურების, კომიტეტების აპარატების, დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მუშაობას. სტაჟიორები ასევე გაეცნენ პარლამენტის ბიუროს საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების სამდივნოების მუშაობას. ესწრებოდნენ პარლამენტის პლენარულ და კომიტეტების სხდომებს.
გარდა ამისა, სტაჟირების პერიოდში ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, დროებითი კომისიების თავმჯდომარეებს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს.
სტაჟიორთა აღნიშნული ნაკადი პარლამენტმა შარშან მიიღო, რომლებიც საკონკურსო წესით შეარჩიეს. საქართველოს პარლამენტში სტაჟირების გავლის წესის მიხედვით, სტაჟიორად მხოლოდ უმაღლესი განათლების პირი მიიღება. პარლამენტში სტაჟირების გავლის 721 მსურველიდან 124 შეირჩა, საბოლოოდ კი, სტაჟირება 113-მა ახალგაზრდამ გაიარა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი სტაჟიორებს 2007 წლიდან იღებს, წლევანდელი მეშვიდე ნაკადი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო. საერთოდ კი, პარლამენტში ახალგაზრდების მიერ პრაქტიკის გავლას 1997 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ერთთვიანი პრაქტიკები შემოიღეს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 16 მაისი 2013 22:22