საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 16 მაისი 2013 21:18

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

მანამდე კი დეპუტატებს ორჯერ მოუხდათ რეგისტრაციის გავლა, ვიდრე კვორუმი შეიკრიბებოდა. პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა რეგისტრაციის შედეგები.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოთხოვნით, მანდატურმა რეგისტრირებული დეპუტატების სია ამოიკითხა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ სამი დეპუტატი რეგისტრაციის პერიოდში დარბაზში არ იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალა საკითხის შესწავლა, რის შემდეგაც პარლამენტმა გუშინ შეწყვეტილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გააგრძელა. მომხსენებელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გუშინ დასმულ შეკითხვებზე გასცა პასუხები. კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ფრაქციებმა და ცალკეულმა დეპუტატებმა საპარლამენტო ოპოზიციიდან. ისინი უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და კოლეგებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ მას. დღევანდელი სხდომის რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ისე ამოიწურა, რომ ვერ მოესწრო საკითხის განხილვის დასრულება, რაც ხვალინდელ სხდომაზე გაგრძელდება.
ხვალ პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 17 მაისი 2013 11:37