პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 17 მაისი 2013 20:59

პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. მან სახელმწიფო ორგანოებს,  მოქალაქეებს, პოლიციას მოუწოდა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

მისი თქმით, საქართველოში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რა მოსაზრებასაც არ უნდა გამოხატავდეს ის.  „ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვართ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ჩვენ ვქმნით კანონებს, კონსტიტუციას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება იყოს გარანტირებული და, მეორე მხრივ, დაცული იყოს წესრიგი. ამიტომ, პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას - სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციის ორგანოებს, მოქალაქეებს, რომ ყველამ შევძლოთ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებებიც, განსხვავებულისგან განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ იმედია, რომ ამ აქციის არცერთი მონაწილე გამოხატვის თავისუფლების იქით არ გადავა და ყველაფერი კანონისა და  კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდება. დღეს ჩვენ ცოტა შორს ვიმყოფებით აქციის ადგილისგან, მაგრამ, ცხადია, დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და დაცული იყოს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, რა მოსაზრებასაც არ  უნდა გამოთქვამდეს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ქუჩაში მსვლელობა, მანიფესტაცია რეგულირდება  კანონმდებლობით, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული ორგანიზატორების, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა  დავით უსუფაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“კანონპროექტიდან გამომდინარე პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. დეპუტატებმა  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის შემოღებას ითვალისწინებს.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, პოლიტიკური არგუმენტების გარდა, პროცედურულ ხერხებსაც  იყენებს. მათ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  უმრავლესობის სახელით სიტყვით გამოსვლისას უპასუხა. უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტის  რეგლამენტით არსებობს ნორმა, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების შემთხვევაში, ალტერნატიული წინადადების  შემოტანას ითვალისწინებს და არა ხმაურს, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე თვის განმავლობაში. „მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებებს, რაც მრავალჯერ ითქვა ამ დარბაზში. ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაიწყო რამდენიმე თვის წინ, რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიდო, თუმცა შემდეგ დაიწყო  საკომიტეტო მოსმენები.  ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ყველას საკმარისი დრო გვქონდა, გაგვეაზრებინა, რა პროექტზეა საუბარი, გამოგვეთქვა და შეგვეჯერებინა მოსაზრებები. ის, რაც ბოლო დღეებში უშუალოდ პროექტის განხილვისას   ხდებოდა, ის მოსაზრებები და მიდგომები, რაც მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, პირადად ჩემთვის რჩება სრულიად გაუგებარი.  კონკრეტულ საკითხებში, სადამდეც დავიდა უმცირესობის მოსაზრებები, ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენების დროს შეიძლებოდა სიცხადის შეტანა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, კანონში შედის ცვლილება, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ თუ ვინმე  საზღვრის გადმოკვეთისას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. „ერთია კანონის დარღვევით საზღვრის გადმოკვეთა, და მეორე - თუ ამ გადმოკვეთისას პირმა, მაგალითად, ყალბი პასპორტით ისარგებლა. ეს ისჯება ცალკე, როგორც ყალბი დოკუმენტის გამოყენება. როცა ვინმე ძალადობას სჩადის და იჭრება საზღვარზე, ასეთ შემთხვევაში, ეს ძალადობა ისჯება“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ოპონენტებისთვის პრობლემა  ის არის, რომ იქმნება დისპროპორცია საზღვრის სხვა მონაკვეთებთან დაკავშირებით. თუმცა მისივე მოსაზრებით, კონფლიქტური რეგიონების საზღვარზე ყველაფერი უცვლელი რომ დარჩეს  და სხვა მონაკვეთებზე გაიზარდოს პასუხისმგებლობა, ოპოზიციას ამ შემთხვევაშიც ექნება იმავე ტიპის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარეს ეჭვი არ აქვს, რომ წარმოდგენილი ცვლილებით პოლიტიკური ან სამხედრო ტიპის საფრთხე შეექმნება ქვეყანას, ხალხს ან რეგიონებს. მისი თქმით, მცირეოდენი  ეჭვის შემთხვევაში, მას კანონპროექტის შემოტანისთანავე გაუჩნდებოდა სხვა  მოსაზრება და მხარს არ დაუჭერდა. „პროექტის ლოგიკა სწორედ იმაშია, რომ ამ მონაკვეთებზე მართლაც განსხვავებული ვითარებაა, მართლაც ვერ ვაკონტროლებთ აღნიშნულ საზღვრებს და ამის არდანახვა, ვერშემჩნევა და თვალის დახუჭვა იქნებოდა ილუზია, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ჩვენი ოპონენტები და ცდილობდნენ  ქართველ ხალხსაც ამავე ილუზიაში ეცხოვრა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრებს მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, ნებისყოფისთვის, რაც კანონპროექტზე მუშაობის განმავლობაში გამოიჩინეს. მისი თქმით, სწორედ უმრავლესობა აგებს პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე. „ჩვენ გაგვიჭირდება სერგო ორჯონიკიძეობა, რადგან თქვენ უკვე მოახერხეთ ეს. დიახ, თქვენმა უგუნურმა პოლიტიკამ 9 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახადა ის, რომ რუსეთი დაბრუნდა საქართველოში, რუსული ჩექმა დაბრუნდა საქართველოში, რუსული ბაზები დაბრუნდა საქართველოში. დიახ, თქვენმა ორჯონიკიძეობამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს დამატებით დაეკარგა ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი.  ათიათასობით დევნილი უმძიმეს დღეშია. ამ უაზრო ომს თქვენ შეალეწეთ არა მარტო სამხედრო ძალები და ტექნიკა, არამედ უამრავი ადამიანის სიცოცხლე“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, მაშინდელი უმრავლესობა უგუნური პოლიტიკის გამოსწორებას ჰოლივუდის ფილმით ცდილობდა, რომელსაც მილიონობით ლარი დაახარჯა ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული თანხა ხალხსა და ქვეყნის მნიშვნელოვან საქმეებზე დახარჯულიყო. „გაგვიჭირდება ორჯონიკიძეობა, რადგან დაკავებულია ეს ადგილი. მოახერხეთ უკვე და შეძელით ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება თქვენთან ერთად და ამ პარლამენტში მუშაობა!“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ის ცივილური დამოკიდებულება, რასაც უმცირესობის მიმართ იჩენს, მისი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობაა და ამას არა თვითონ უმცირესობა, არამედ პარლამენტი და საქართველო იმსახურებს. „დროა, დამკვიდრდეს პარლამენტარიზმი ამ ქვეყანაში.  პროცედურული დემოკრატია გვჭირდება არა იმისთვის, რომ პროცედურებით ვიამაყოთ, არამედ იმისთვის, რომ ამ პროცედურებში  წარმოიშვას სწორი მოსაზრებები და მიღებული იქნას გააზრებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, უმრავლესობას შეეძლო კანონპროექტი პირველი მოსმენით 19 აპრილს, უმცირესობის მონაწილეობის გარეშე მიეღო, მაგრამ ეს არ გააკეთა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.  „თუ ზოგადად საზღვრის ერთიან რეჟიმზეა საუბარი, მე მზად ვარ, ვიმუშაო ამ საკითხზე თქვენთან ერთად და ახლა გამოვლინდება, საზღვრის ერთიანობა გაწუხებთ, თუ მონახეთ თემა, რომელზეც ხმაურს და აურზაურს შექმნიდით“, - მიმართა უმცირესობას დავით უსუფაშვილმა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პირების - თამარ კორძაიას, გიორგი კახიანის და პაატა კიკნაველიძის უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც  დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ წარმოადგინა. კანონპროექტით, ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. ელისო ჩაფიძის განმარტებით, კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.  
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  ანი მიროტაძემ კანონპროეტის განხილვისას აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს რომელიმე გუნდის  პოლიტიკურ გემოვნებას. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი სამართლებრივად გამართული იყოს. „ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ახირება.  კანონპროექტში ცვლილებები შედის, ერთი მხრივ, იმისთვის,  რომ საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ობიექტური და სრული ინფორმაცია და,  მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ის იხდის ფულს, რათა იცოდეს, რა ხდება ამ ქვეყანაში“,-აღნიშნა ანი მიროტაძემ. დეპუტატის ინფორმაციით, დღეს საზოგადობრივ მაუწყებელს 23 მლნ. ლარი აქვს დავალიანება. „განვმარტავ, რომ ეს 23 მლნ. ლარი საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან არის ამოღებული. შესაბამისად, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მოითხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, სად წავიდა ეს ფული. ეს ვალი არ დაგროვებულა 1 და 2 წლის განმავლობაში, არცერთი გენერალური დირექტორის პირობებში. მე მაინტერესებს, რატომ არ დაინტერესდა ამ საკითხით სამეურვეო საბჭო და რატომ არ იყო მისი პოზიცია ძალიან კრიტიკული“, - კითხვა დასვა ანი მიროტაძემ.  აქვე დეპუტატმა წინასაარჩევნო პერიოდიც გაიხსენა. „ძალიან კარგად მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ისევ ვნახო  ისეთი წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ადამიანებს აპატიმრებენ და პრობლემებს უქმნიან ინფორმაციის მიღების სურვილის გამო“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით,  ინფორმაციის ტრანზიტი, ინფორმაციის გამჭვირვალობა და გადაცემა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამ კანონპრექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიც სწორედ ეს არის.  როგორც ანი მიროტაძემ განაცხადა, მას აღარ სურს, ქვეყანაში ოდესმე კიდევ იყოს სირცხვილის კორიდორები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იმის გამო, რომ  ადამიანებს არ ჰქონდეთ გამოხატვის უფლება და ყველა ინფორმაცია  ფილტრაციას ექვემდებარებოდეს. „ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანში ვხედავდე ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფლად მიაწოდებენ საზოგადოებას იმას, რაც ხდება ქვეყანაში.  ამ კანონპროექტში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 1-2 თვიანი კონტრაქტების მახინჯი პრაქტიკა მომავალში აღარ იქნება, რისთვისაც ამ კანონპროექტის ავტორებს მადლობა მინდა გადავუხადო,“ - განაცხადა დეპუტატმა.  აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით ანი მიროტაძემ აღნიშნა, რომ ერთ ქვეყანაში ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის განკუთვნილი დრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  მოვლენების შეფასებას დაუთმეს და უმრავლესობის წევრებს აღნიშნულ პრცესზე ყურადღების გამახვილება მოსთხოვეს, რასაც დეპუტატი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა. „დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ამაზე განსხვავებული აზრი არავის აქვს და შეთანხმებულები ვართ“,-განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ მეორე მოსმენით განხილულ ორგანულ კანონპროექტს, ინიციატორის მოთხოვნით,  სავარაუდოდ, კენჭს მეორედ უყრიან, რადგან მან დღეს ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებასაც. დავით უსუფაშვილის განმარტებით, კოდქსზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რაშიც იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან,  ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად   აქტიურად იყვნენ ჩართული  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებიც.  „ ჩვენ ყველას კარგად გვესმის ამ კანონპროექტის მნიშვნელობა, მის მიღებას ელოდებიან როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, დასაქმებულები და  სრულიად საქართველო. ის, რომ დღეს მან კენჭისყრაში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი უარყოფილია“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  მისივე თმით, კანონპროეტს პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში განმეორებით უყრის კენჭს.
დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , რომლითაც   თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისათვის, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების ოდენობები, ასევე აღნიშნულ სამართალდაღრვევაზე ოქმის შედგენისა და განხილვის კომპეტენცია განისაზღვრება.
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაა. კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტისა, შესაძლებელია, დადგინდეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტითაც.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროეტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო პლენარული სხდომა 28 მაისს , 16 საათზე გაიმართება.