პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 28 მაისი 2013 22:11

 

იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები ერთმანეთისგან იმიჯნება. აღნიშნული ცვლილება „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტში შედის, რომელიც კანონმდებლებმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 76 ხმით, ერთხმად, მეორე მოსმენით მიიღეს. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრი აღარ განახორციელებს და ეს ფუნქცია მხოლოდ პროკურატურას რჩება. თუმცა, რამდენადაც იუსტიციის სამინისტრო პროკურატურაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს, გარკვეული კომპეტენციები იუსტიციის სამინისტროს მაინც დარჩება. 
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურის ნაცვლად საჯარო იქნება. ცვლილების თანახმად, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მთავარ პროკურორს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც და თანამდებობიდან გათავისუფლებაც მთავარი პროკურორის პრეროგატივა იქნება. ცვლილებით, ახლებურად ყალიბდება ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე დანიშვნის საკითხები.
პარლამენტის წევრებმა ასევე, ერთხმად მიიღეს „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე თხუთმეტამდე კანონპროექტი.
კანონმდებლებმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი. წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, მუხლს, სადაც სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაზეა საუბარი, იმ კვალიფიკაციებს შორის, რომელიც მეურვეობის კანდიდატს მოეთხოვება დაემატა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გამოცდილება და სახელოვნებო-სამწერლო გამოცდილება. ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან აჭარის უმაღლეს საბჭოს არ ჰყავს უმრავლესობა, რომელსაც სამეურვეო საბჭოში კანდიდატების წარდგენისას გარკვეული კვოტა ჰქონდა, შეიცვალა პროექტის 355-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალი დეპუტატების პროპორციულად წარადგენენ. მთლიანად შეიცვალა კანონპროექტის 401-ე მუხლი, რომელიც ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის საკითხებს არეგულირებს. ელისო ჩაფიძის განმარტებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის სიგნალის მიწოდებას თავად მაუწყებელი უზრუნველყოფს.
იმის გამო, რომ სხდომას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდნენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, ვერავინ წარადგინა. თუმცა, აღნიშნული პროექტი პარლამენტის წევრებს დაურიგდათ, რომელსაც თავად გაეცნენ. პარლამენტის წევრებმა ალტერნატიულ წინადადებას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.
ნასამართლეობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება 6 თვის ნაცვლად, 3 თვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელსაც კანონმდებლებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
პარლამენტის წევრებმა კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „რეკლამის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 10:15