| პარლამენტის პლენარული სხდომა | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 20:24 |
|
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებს დადგენილი წესის თანახმად, პლენარულ სხდომაზე განცხადებებისთვის დრო დაეთმოთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანი მიროტაძემ 27 მაისს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ამ ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ რეგიონულ სტაბილურობას შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას. "აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ განცხადებას და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით საქართველოს სამხედრო ოკუპაციას კვლავ აგრძელებს“, - განაცხადა ანი მიროტაძემ. მისი შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონობაზე, რამაც სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას და სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვას. "ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს და მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებულ უკანონობაზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიის, ჩვენი ქვეყნის სამხედრო ოკუპაციაზე. ასევე მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობით და შეთანხმებით, ყველა ბერკეტის გამოყენებით საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაქსიმალური ინფორმირება მოახდინოს", - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა თავის გამოსვლაში ივანე მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი საპყრობილეში პოლიტიკური ნიშნით იმყოფება. "ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი დაეპატიმრებინა, ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის საქართველოში. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პერსონას ალბათ ხვდებით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ერთ-ერთი ლიდერის და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის დაპატიმრება მაშინ, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა და შეიძლებოდა ამ საკითხზე ისე წარმართულიყო ძიება და ამას არავინ ემალებოდა, არის აშკარა მცდელობა ოპოზიციის ძალისმიერი მეთოდით დასუსტებისა და განადგურებისა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს მცდელობა არის ამაო“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრონ, გამოიწვევს პრობლემებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. "საქართველოს ყველა მეგობარს ძალიან კარგად ესმის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, დაკავებულია პოლიტიკური ვენდეტით და უფრო მეტიც, არის პირადი ვენდეტის, პირადი შურისძიების სრულიად აშკარა კამპანია", - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა. დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს და 79 ხმით, ერთხმად მიიღეს კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა ინიციატორიც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილია. კანონპროექტით განისაზღვრება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისათვის, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების ოდენობები, ასევე აღნიშნულ სამართალდაღრვევაზე ოქმის შედგენისა და განხილვის კომპეტენცია. მორიგი პლენარულ სხდომა გაიმართება ხვალ, 14:00 საათზე. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 20:32 |






