ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვა - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი სიტყვებით, შეხვედრაზე მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების, შიდა პოლიტიკის, კონფლიქტურ რეგიონებში განვითარებული მოვლენების, კოჰაბიტაციის და დემოკრატიზაციის პროცესები. საუბარი საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო თანამშრომლობის დეტალებს შეეხო.
დავით უსუფაშვილი სოფელ დიცთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა: ,,შესაძლოა, ეს იყო მცდელობა რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული ძალების მხრიდან, რომ დიალოგის პირველ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყო, ხელი შეეშალოს. ეს არის პირველი და საწყისი ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს კრემლში ეს ნაბიჯებიც კი აღიზიანებს. ამ დროს, ასეთ ვითარებაში ადმინისტრციული საზღვრის გადმოწევა და დამატებითი პრობლემების შექმნა, როგორც ჩანს ამ მიზანსაც ემსახურება. ჟან კლოდ მინიონს მოვახსენე, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იქნება პრინციპული, მაგრამ ფრთხილი, რათა ამ კონკრეტულმა მოვლენამ არ მისცეს საშუალება იმ ძალებს, ვისაც ზოგადად არ სურთ ურთიერთობის ნორმალიზება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რათა თავიანთი მიზანი შეასარულონ. ამასთანავე მე მივმართე ბატონ მინიონს, რომ ჩვენი მოლოდინია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო აქტიური ნაბიჯები იქნას გადადგმული.", - განუცხადა ჟურნალუსტებს დავით უსუფაშვილმა.
ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო. "საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს არანაირი ცვლილება არ შეეხება. ამ თემაზე იყო სპეკულაციები და განვმარტავ, რომ ეს ასე არ მოხდება. მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხების გადასაწყვეტად კომისია შეიქმნება, რომელიც უახლოეს ხანებში ამოქმედდება და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებსაც შეეხო. უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია კონკრეტულ საქმეებზე კარგი იქნება მეტი ნეიტრალური დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა მათ საკუთარი დასკვნები გააკეთონ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ევროსაბჭოს სახელით იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეები სამართლიან და ობიექტურ გარემოში წარიმართება. ,,თუ დაკავებული მაღალჩინოსნების მისამართით ბრალდებები არსებობს, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს ის. შესაბამისად, შეწუხებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც ხორციელდება ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ, განსაკუთრებით კი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს და არ გვინდა ამ საკითხზე შენიშვნები გაჩნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟან კლოდ მინიონმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭო ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება თუ როგორ ჩატარდება საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ფაქტი გაიხსენა. ,,ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ 1998 წელს მე მქონდა საშუალება საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ხმის მიცემის პროცესში პირადად მიმეღო მონაწილეობა, ეს არის ის არჩევანი, რომელსაც არ ვნანობ და ამის გაკეთება დღესაც რომ მომიხდეს, დღესაც სიამოვნებით გავაკეთებდი“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.