სხდომის ოქმი #24

 

 

                                                        განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N24

 14 მაისი, 2013. 17 სთ.   საქართველოს პარლამენტი,    სხდომათა დარბაზი N1  

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.

სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კოპალიანი კარლო ადგილმონაცვლე - ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,  ქავთარაძე გიორგი, ომარ ნიშნიანიძე ადგილმონაცვლე -პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, თაქთაქიშვილი ჩიორა ადგილმონაცვლე  - ნაყოფია კობა, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                        

დღის წესრიგი 

 

 

  1. 1.საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით.

(სერგო რატიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

  1. 2.საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა პირველი მოსმენით.

(სერგო რატიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, და საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით. 

(ელისო ჩაფიძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

1. მოისმინეს: სერგო რატიანის მოხსენება-  საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.     შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) უნივერსიტეტების ავტონომიის ფარგლების გაფართოება.       

            კანონით უნდა იზღუდებოდეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლების გაუქმება ან რეორგანიზება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა არჩევითი წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობის გარეშე. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით ასევე მოხდება რეგენტთა საბჭოზე დაკისრებული გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებაზე, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან და ქონებრივ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ უფლებამოსილებათა დელეგირება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამინისტროებზე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლების გაუქმება ან რეორგანიზება დასაშვები იქნება, მხოლოდ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა არჩევითი წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით რეგენტთა საბჭოს ფუნქციებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება გადაეცემა თავად უნივერსიტეტებს, კერძოდ მათ კოლეგიურ ორგანოებს.

ამასთან, რეგენტთა საბჭოზე დაკისრებული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების განკარგვის და შესყიდვების განხორციელების ნაწილში გადაეცემა შესაბამის სამინისტროებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გაყიდვა და უფლებრივი დატვირთვა საჭიროებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას, ხოლო გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს თანხმობით.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, ომარ ნიშნიანიძემ.

ივანე კიღურაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტონომიას, ასევე ისაუბრა რექტორის სამეცნიერო ხარისხის მნიშვნელობაზე. იმაზე, რომ წლების მანძილზე ირღვეოდა მეცნიერების უფლებები. ასევე გაამახვილა ყურადღება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებულ უკანონობაზე და უსამართლობაზე.

ომარ ნიშნინიძემ კონკრეტული ფაქტების მოყვანით ისაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომელიც მას პირადათ ექმნებოდა ქუთაისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროსა წინა ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. 

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტის წევრების მიერ კანონპროექტის განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე კომიტეტმა 3 მომხრე, 6 წინააღმდეგი მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 

2. მოისმინეს:     სერგო რატიანის მოხსენება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2013 წლის 14 მაისს, კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა  საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“  თაობაზე.

შემოთავაზებული პროექტით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმცირდებათ საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე,  სტუდენტებს, პროფესორებს და მკვლევარებს შეექმნებათ უკეთესი სამუშაო პირობები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების გადასახადი განისაზღვრება 0.1%-ით.

იგივე საგადასახადო რეჟიმი უნდა გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესესბულების განვითარების ფონდზეც, რომელიც არსდება უნივერსიტეტის მიერ და განკარგავს უნივერსიტეტის ქონების და ფინანსების ნაწილს.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა ერთხმად მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.

3. მოისმინეს:  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ ელისო ჩაფიძის მოხსენება : წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლმანეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/81, 15.04.13).

ელისო ჩაფიძის განმარტებით რომ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მცირდება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და ის თხუთმეტის ნაცვლად ცხრა წევრით განისაზღვრება, ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესიც. შემოთავაზებული კანონპროექტით, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის საზოგადოებრივი მაუქყებლის სახით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა. პროექტის თანახმად, მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც 6 წლის ნაცვლად სამი წლით განისაზღვრება. ასევე მომხსენებელმა განმარტა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ერთიან კონტექსტში განიხილება. კონსტიტუციის თანახმად კი, საქართველოში მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება ფუნქციონირებდეს.

წარმოდგენილ კანონპროექტზე კომიტეტის წევრებს შორის გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: თეიმურაზ ჭკუასელმა, მიხელ მახარაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, სერგო რატიანმა, ომარ მეგრელიძემ.

მიხეილ მახარაძე  არ დაეთანხმა შემოთავაზებულ ცვლილებებს. მისი თქმით, აჭარის ტელევიზია აქამდე აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში იყო, შემოტავაზებული კანონპროექტით კი ის „საზოგადოებრივი მაუწუყებლის“ ერთიან სივრცეში გადადის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის დაფინანსება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 8 მომხრე , 2 წინააღმდეგი, 1 თავი შეკავა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია