სხდომის ოქმი #27

                                        განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N27

30  მაისი, 2013. 11 სთ.    საქართველოს პარლამენტი,   სხდომათა დარბაზი N3  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,  ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, თაქთაქიშვილი ჩიორა - ვაშაზე გიორგი ადგილმონაცვლე, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                            

დღის წესრიგი

 

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2012 წლის ანგარიშის მოსმენა.  (ლევან გახელაძე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე)

 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, და საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.

(ელისო ჩაფიძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) 

 

1. მოისმინეს:  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2012 წლის ანგარიში, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ წარმოადგინა. მან დეპუტატებს დეტალურად გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული და საბიუჯეტო პრიორიტეტები. ასევე ისაუბრა ფინანსურ დავალიანებაზე და მათი წარმოსობის მიზეზეზბზე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

ივანე კიღურაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის მოსმენა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ანგარიში თავისი სურვილით წარმოადგინა და ამის თაობაზე პარლამენტის მხრიდან რაიმე მოთხოვნა არ ყოფილა.

ალექსანდრე ქანთარიამ მომხსენებელს დაუსვა კითხვები დავალიანების შესახებ, რომელიც მაუწყებელს დაუგროვდა და დაინტერესდა სამეურვეო საბჭოს დამოკიდებულებაზე  აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

კომიტეტმა გადაწყვიტა: დაუჭირეს მხარი აღნიშნული ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. (მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია).

2. მოისმინეს: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ ელისო ჩაფიძის მოხსენება : წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლმანეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/81, 15.04.13).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ორი ცვლილება შევიდა. კერძოდ, 24-ე მუხლში, სადაც სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაზეა საუბარი, იმ კვალიფიკაციებს შორის, რომელიც მეურვეობის კანდიტატს მოეთხოვება სახელოვნებო-სამწერლო გამოცდილება დაემატა. ცვლილება შევიდა ასევე 70-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მაუწყებელი ფინანსურ ანგარიშს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წარუდგენენ ყოველკვარტალურად და არა ყოველთვიურად.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე , 3 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.


სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია