| სხდომის ოქმი #17 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #17 2013 წლის 14 მაისი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად/ სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (ადგილმონაცვლე - კ. კოპალიანი), გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე (ადგილმონაცვლე - ა. მიროტაძე), რ. შავლოხაშვილი (ადგილმონაცვლე - გ. ბუკია), ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: შ. ფიფია, დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, მ. ფუტკარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გ. ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, ამავე კომიტეტის წევრები და აპარატის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
1.„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“. /მომხსენებელი: გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/. 2.ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ (შედეგები). (მომხსენებელი: დავით შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). I.მოისმინეს: გ. თაბუაშვილის ინფორმაცია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“-ს თაობაზე. მან ისაუბრა წლის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ 2012 წელს წინა წელთან შედარებით რეალური მშპ 6.1 პროცენტით გაიზარდა და ნომინალურ გამოხატულებაში 26.1 მლრდ ლარი შეადგინა. 2011 წელს 7.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2010 წელს 6.3 პროცენტიანი. 2012 წლის განმავლობაში „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეტანილი იქნა ოთხჯერ. მაისში განხორციელებული კანონის პირველი ცვლილების შესაბამისად, გაიზარდა როგორც ბიუჯეტის შემოსულობები (226.6 მლნ ლარი), ასევე გადასახდელები (204,6 მლნ ლარი). აღნიშნული ცვლილება ძირითადად უკავშირდებოდა ბიუჯეტში დამატებითი საფინანსო რესურსის ასახვას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდას. დასაქმების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნამ განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტში მეორედ ცვლილების შეტანის აუცილებლობა. 2012 წლის ივლისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციიისათვის (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი) და კახეთის რეგიონის აღდგენა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება გახდა მიზეზი წლიურ საბიუჯეტო კანონში მესამედ ცვლილების შეტანისა. სხვადასხვა სამინისტროების ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯების და საქართველოს რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე, აგრეთვე, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომიის გათვალისწინებით მობილიზებულ იქნა 162,3 მლნ ლარი, მათ შორის 82,3 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებში, ხოლო 80,0 მლნ ლარი დონორების დაფინანსებაში. შესაბამისად, კანონის ამ ცვლილებით ბიუჯეტის არც შემოსულობების და არც გადასახდელების მოცულობა არ შეცვლილა. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში
ü წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 147,3 მლნ ლარი მიიმართა სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად - 72,8 მლნ ლარი, სალიზინგო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დასაფარად 1,95 მლნ ლარი; ხილისა და ბოსტნეულის წარმოების განვითარებისათვის, სასათბურე მეურნეობების რეაბილიტაციისათვის, ექსტენციის სადგურების/კვლევითი ცენტრების დაფუძნების, მექანიზაციის სერვის ცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნის და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 47,0 მლნ ლარამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერების, ექსტენციის სადგურებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების მიზნით 2,2 მლნ ლარი; სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ვაუჩერების დაბეჭვდის, გაცემის, მოსახლეობის ინფორმირებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის - 23,0 მლნ ლარი, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების გამართვის მიზნით - 460,0 ათასი ლარი; /კანონპროექტის სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 2. ვ. ლემონჯავა: მოხდა გარკვეული ჯიშის სიმინდის თესლის შესყიდვა. აღნიშნულ პროგრამას სადღაც კარგი ეფექტი ქონდა, სადღაც არა. თქვენი კომენტარი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. 3. გ. აგულაშვილი: მე მაქვს ერთი კითხვა: როგორ ჩანს, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გასული წლის მესამე კვარტლიდან იწყებს კლებას. ხომ ვერ გვეტყვით, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? 4. დ. ლორთქიფანიძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული გასული წლის ბიუჯეტით ჰიბრიდული სიმინდისთვის გათვლილი იყო 30 მილიონი ლარი. ეს პროექტი ჩავარდა და ათასობით ოჯახი დარჩა გაუბედურებული, აიღეს სესხი, დაპირდნენ, რომ ბანკებთან დაულაგებდნენ ურთიერთობას, მაგრამ არ არის ეს დანაპირები შესრულებული. მაინტერესებს, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა რაოდენობით გავიდა ასეთი სიმინდი ექსპორტზე და შედეგად, რა მიიღო ჩვენმა ბიუჯეტმა? 5. შ. თაბუაშვილი: სიმინდის თემას რაც შეეხება, ეს დევს წარმოდგენილ ანგარიშში. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ეფექტურობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აუდიტის სამსახურის შესაფასებელია, ხოლო ექსპორტის მონაცემები მე არ მაქვს, მოვიძიებ და მოგაწვდით. 2012 წელს უკვე შეინიშნებოდა ეკონომიკური აქტიურობის შენელება მესამე კვარტლიდან. მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 2,8%. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ახალი პროგნოზი, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, თურქეთშიც, საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ახალი მონაცემებით, დაფიქსირდა 2%-ის დონეზე. ჩვენი პროგნოზი იყო 6%-იანი ზრდა. შესაძლოა, მოგვიწიოს მაჩვენებლების გადახედვა, თუმცა, წინ კიდევ 3 კვარტალია და იმედი გვაქვს, გამოცოცხლდება ეკონომიკური აქტიურობა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად. II.მოისმინეს: დ. შერვაშიძის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. ახალი ხელმძღვანელობა ნოემბრის თვეში მოვიდა სამინისტროში და ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ამ პროგრამის დიზაინზე მუშაობა. რამდენიმე დღეში პირველი წერილები გავგზავნეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და იუსტიციის სამინისტროებში იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა მცირემიწიან ფერმერებს და მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიწათმოსარგებლეების 20% იყო დარეგისტრირებული. ამის შემდეგ, დავიწყეთ რაიონებში გამგებლებისთვის წერილების მიწერა, სადაც ვთხოვდით, 1 თვის განმავლობაში მოეწოდებინათ ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაობაზე. ეს ეხებოდა 5 ჰა-მდე ფართობის სხვადასხვა კატეგორიის მიწის მფლობელებს. დაგვიანებით ვიღებდით ინფორმაციებს, მაგრამ სამინისტრომ მოახერხა მოკლე პერიოდში ხელნაწერები ელექტრონულ ვერსიად ექცია. ეს ინფორმაცია რაიონებში იქნა დაგზავნილი, რათა მათ კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ ადგილზე იმ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციები, რომლებიც ელექტრონულ ვერსიებში იყო. შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი პროცესი ამ ინფორმაციების გადამოწმებისა. ქვემო ქართლში იწყება პირველი საგაზაფხულო სამუშაოები, პირველი ბარათების დარიგება, ამ სამუშაოების შესრულება დავიწყეთ თებერვლის თვეში. ადგილზე ჩვენი თანამშრომლები დეტალურ განმარტებებს აძლევდნენ ბარათების თაობაზე, მათი გამოყენების წესზე, მიწოდებული იქნა ყველა საინფორმაციო მასალა. დღევანდელი მდგომარეობით 702 194 ბენეფიციარის მონაცემია. სამოქალაქო რეესტრში გადამოწმების შედეგად 196 090 არაზუსტი მონაცემი იყო, ანუ საერთო რაოდენობის 28%, დანარჩენ 506 104 - ზე დაიბეჭდა 319 046 კომბინირებული და 187 087 ნომინალური ბარათები. დამატებითი სიებით იყო 281 485 მონაცემი, საიდანაც 117 008 არაზუსტია (42 % საერთო რაოდენობის). დანარჩენ 164 477 ბენეფიციარზე კომბინირებული და ნომინალური ბარათი იქნა დარიგებული. დღეის მდგომარეობით 670 000 ბარათი გვაქვს. ამ კვირაში ვგეგმავთ 45000-ის დარიგებას. სულ 715 000 იქნება დარიგებული. ვფიქრობ, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ. დარჩენილი შეიძლება იყოს პატარა მონაკვეთები, რაც დაკავშირებული იქნება ტექნიკის ნაკლებობასთან. ეს ამ პროექტის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. ზ. ფუტკარაძის ინფორმაცია 2013 წლის საგაზაფხულო სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 72 862 ჰექტარს, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების ფართობი 18 899 ჰექტარია, სახნავი ფართობი 10 308 ჰექტარი, სათიბი 7 159 ჰექტარი, ნასვენი 1 737 ჰექტარი და საძოვარი 37 759 ჰექტარი. 2013 წლის პროგნოზით გათვალისწინებულია 16 848 ჰექტარზე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, აქედან 9717 ჰა ხვნა-თესვა და 7131 ჰა მრავალწლიანი კულტურების გასხვლა-დაბარვა. 13 მაისის მდგომარეობით საგაზაფხულო სამუშაოები შესრულებულია 80,8 %-ით. საგაზაფხულო ხვნა-თესვა ჩატარებულია 6789 ჰა-ზე (69,9%), აქედან, მარცვლეული კულტურები დათესილია 3698 ჰა-ზე (59,2 %), კარტოფილი - 2315 ჰა-ზე (95,5 %), ბოსტნეული 724 ჰა-ზე (77,6 %). ხეხილი დაიბარა და გაისხვლა 835 ჰა-ზე (100 %), ჩაის ფოთოლსაკრეფი 453 ჰა-დან კულტივაცია ჩატარდა 140 ჰა-ზე, გასხვლა-ფორმირება ჩატარებულია 320 ჰა-ზე, აქედან ნახევრად მძიმე გასხვლა 80 ჰა-ზე. ციტრუსის და ვენახის ბაღებში საგაზაფხულო სამუშაოები დამთავრებულია (გასხვლა, დაბარვა). /სრული ინფორმაცია ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 2. შ. ფიფია: 542 სხვადასხვა კომპანიაა ჩართული ამ პროცესებში. 884 ინდივიდუალური წერტილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო მასალების, სასუქების, პესტიციდების და სხვა საქონლის რეალიზაცია. 1200 მეტი მონიტორინგი ჩატარდა. 8000 სხვადასხვა ერთეულზე ზღვრული ფასი ქონდათ დადგენილი შარშანდელი ფასების მიხედვით. ამ ზღვარს ვერ გადავიდოდნენ. 884-იდან 55 მაღაზია გვყავს დაჯარიმებული და 5 - პროგრამიდან მოხსნილი. სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ფორმირებულია და ჩვენ მინიმალურად უნდა ჩავერიოთ მასში. 3. დ. ლორთქიფანიძე: თუ გაქვთ ინფორმაცია, გასულ წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რამდენი ჰექტარი იყო დამუშავებული (700 750 ჰა არის სახნავ-სათესი)? 2. რა იყო მიზეზი, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიწო სამინისტროს აქტიური პოლიტიკის შედეგად, ასეთი ხარვეზებით წარიმართა? იყო თუ არა მოსახლეობის ნაკვეთები აღრიცხული და რამდენი იყო აღურიცხავი? ყველა რაიონში შეიქმნა ძალიან კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული 4-5 კაციანი ე.წ. საკონსულტაციო ცენტრები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისათვის სამინისტროს დიდი მადლობა. 6. გ. აგულაშვილი: არის რეალობები, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. აღრიცხული ფართობები არის მცირე, დანარჩენი აღურიცხავია. არ არსებობს საკომლო ჩანაწერები, ან თუ არსებობს, არასრულყოფილია. ტექნიკა არასაკმარისი, ხოლო ნაწილი მოძველებული იყო. არ უარვყოფ, გარკვეული სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ ვფიქრობ, ამის გარეშე, ასეთი მოცულობის პროგრამა ვერ გაკეთდებოდა და არც კეთდება. მთავარი ამოცანაა, რომ მიწა დამუშავებულიყო. ცდომილება ყველგან შეიძლება მოხდეს. ამაში დადანაშაულება სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი. 7. დ. შერვაშიძე: გეთანხმებით, გარკვეული პრობლემები იყო ტექნიკასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვინდა აგროვადებში ჩავეტიოთ, 6000 ტრაქტორი ჭირდება ქვეყანას. დღეისათვის, ეს ციფრი არ აღემატება 1800, ამიტომ ბუნებრივია ამ მიზეზით იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ გლეხს ნაკლებად განეცადა ეს. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც, რომ მაღალმთიან რაიონებს განსაკუთრებული ყურადღება ქონდეთ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






