| სხდომის ოქმი #18 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #18 2013 წლის 16 მაისი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (ადგილმონაცვლე - გ. ფოფხაძე), თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე -(ადგილმონაცვლე - მ. ვახტანგიშვილი), რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე -(ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, დ. გალეგაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გ. მიშელაძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი, ა. ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პ. კოღუაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ სრული პროფესორი, ზ. აბაიშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ო. იაშაღაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თ. ჩაჩანიძე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, თ. ჭარბაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, გ. ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო წინადადება - საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. (საკანონმდებლო წინადადების ავტორები: ანა ფირცხალაიშვილი - სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პაატა კოღუაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სთუ სრული პროფესორი, ზაურ ჯინჯოლავა - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თუ „გორგასალი“ სრული პროფესორი). 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. (მომხსენებელი: გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). I. მოისმინეს: ა. ფირცხალაშვილის და პ. კოღუაშვილის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. მათ დეტალურად ისაუბრეს საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობაზე, მიზეზზე, კანონპროექტის არსზე, წარმოადგინეს მაგალითები უცხო ქვეყნებში (რუმინეთი, ავსტრია, შვეიცარია, თურქეთი, არგენტინა, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი, უნგრეთი) უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის შესახებ. 26.06.2012-მდე საქართველოში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-4 მუხლის პირველი და მე-11 პუნქტით) აკრძალული იყო საქართველოში უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა. თუ იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღებდა, მას იგი 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გაესხვისებინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის პლენუმის გადაწყვეტილებით მსგავსი აკრძალვა ძალადაკარგულად ითვლება. კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს ორგანული კანონით - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ - არ არის დაშვებული კანონმდებლის მიერ იგივე შინაარსის ნორმის მიღება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონში ჩაიდოს არა ბლანკეტური აკრძალვა, - არა ისეთი, როგორიც ნორმის გაუქმებამდე იყო, არამედ ისეთი, რომელიც მხოლოდ შეზღუდვაა. არსებითია, რომ სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ იგი არაკონსტიტუციურად თვლის უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ქონის ბლანკეტურ (სრულ) აკრძალვას და არა ამ უფლების შეზღუდვას. ამიტომაც, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას, მაგრამ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. იმის შემდეგ, რაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის აკრძალვა გააუქმა, ფაქტიურად ერთნაირ რეგულირებაში მოექცა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე. ისეთ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქენი მასობრივად არაკონკურენტუნარიანნი არიან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველთა მასასთან, კანონპროექტის მიზანია უცხოელისთვის შექმნას განსაკუთრებული რეგულირება სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონასთან დაკავშირებით. მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან, გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადობრივ ინტერესთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. /საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ - სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 2. თ. ჭარბაძე: მე მაქვს ორი შეკითხვა. 1. როგორია ავტორების მოსაზრება, როგორი იქნება დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და პოტენციურ ახალ რეგულაციას შორის? 2. ინიცირებული აკრძალვები, ხომ არ იქნება იმდენად მკაცრი, რომ შეზღუდვას გადაამეტებს და რეალურად ამ შესაძლებლობას აღარ მისცემს უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს? 3. ა. ფირცხალაშვილი: მე მოგახსენეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება არ მოდის წინააღმდეგობაში წინადადებასთან, რადგან სასამართლომ განიხილა ეს, როგორც შეზღუდვა, მაგრამ ეს იმდენად დიდი შეზღუდვა იყო, რომ საკუთრების უფლების არსს ზღუდავდა, ანუ ეს იყო აკრძალვა და არა ის, როგორც ჩვენ გვაქვს მოცემული წარმოდგენილ წინადადებაში. 4. დ. გალეგაშვილი: დავთქვათ, რომ პარლამენტი, მთავრობა, ერთად შეიმუშავებენ მიწის კოდექსს, შემდეგ მას მივუსადაგებთ კანონმდებლობას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ დღეს წარმოდგენილი ფორმით, რამდენად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, ძნელი სათქმელია. 5. დ. შერვაშიძე: ჩვენ შექმნილი გვაქვს უწყებათაშორისი კომისია. სანამ ერთიან პოზიციაზე არ ჩამოვყალიბდებით, სანამ საზღვრები არ გაირკვევა, მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარდება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია. 6. გ. აგულაშვილი: დიდი მადლობა, კანონპროექტის ინიციატორებს. მივცემ ჩემს თავს უფლებას, რამდენიმე მოსაზრება გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპების ნაწილში მე არ ვდავობ, კანონპროექტის შინაარსის მიმართ მაქვს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება. ვერ ვხედავ რომ ეს წინადადება, უზრუნველყოფს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელთა რეგულაციისთვისაც არის მოწოდებული. ვფიქრობ, აქ მთელი პაკეტი უნდა იყოს შემოთავაზებული, რომელშიც უნდა შედიოდეს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „მოქალაქეობის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონებში ცვლილებები და ა.შ. თემა არის ფაქიზი, სენსიტიური. ემოციურ დამოკიდებულებას თქვენი მხრიდან ვგრძნობ და ნაწილობრივ, მეც ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას. მე, მაგალითად, იჯარის აღდგენაზე ვილაპარაკებდი, მივესალმებოდი პირობადადებულ ხელშეკრულებებს ყიდვა-გაყიდვის დროსაც. შეიძლება ვიფიქროთ, კონსოლიდირებული მიწები სადაც არის, მათ დავუწესოთ შეღავათი, რომ მოტივაცია იყოს კონსოლიდირებისათვის, რადგან ამ შემთხვევაში იცვლება ხელმისაწვდომობა ტექნიკასთან, დახმარებასთან, შეღავათებთან, საბანკო რესურსებთან, ცოდნასთან და ა.შ პრინციპის დონეზე გეთანხმებით იმაში, რომ თემა მნიშვნელოვანია, აქტუალურია, მოითხოვს საკმაოდ გონივრულად, სწრაფ ვადებში რეაგირებას, მაგრამ ამავე დროს დავინახე, რომ საკითხი უფრო ფართოა და ღრმა შესწავლას მოითხოვს, ვიდრე წარმოდგენილ წინადადებაშია ასახული. ამავე დროს, ჩანს მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მან გადაწყვეტილება ამ პრობლემებთან დაკავშირებით. შეიძლება გამოსავალი ჩანდეს მორატორიუმის გამოცხადებაში. სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივი მორატორიუმი არსებობს, მაგრამ ასევე გამოცხადდეს მორატორიუმი, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი. მივიღოთ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, სახელმწიფოს დამოკიდებულება განისაზღვროს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მე შემოგთავაზებდით ასეთ ვერსიას. თუ არსებობს განსხვავებული წინადადება, მზად ვარ, განსხვავებულ წინადადებასაც ვუყაროთ კენჭი. ჩემი მოსაზრებით, შემოთავაზებული წინადადება, უნდა იქნას უარყოფილი და ამავე დროს, უნდა მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რომ ამ საკითხის განხილვისათვის დაიწყოს კომპლექსური და გადაუდებელი მუშაობა. კენჭისყრაზე დავაყენებ საკითხს. 1. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იქნას უარყოფილი, იმის გათვალისწინებით, რომ არის დასახვეწი და უფრო მრავალმხრივად შესასწავლი საკითხი და 2. მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში მიღებულ იქნას ზომები (ამ შემთხვევაში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე დროებით მორატორიუმზე ვლაპარაკობთ) საკანონმდებლო ინიციატივის წარმოსადგენად.
ასევე აზრი გამოთქვეს: გ. გელაშვილმა, ვ. ლემონჯავამ, ლ. იაშაღაშვილმა, ზ. აბაიშვილმა, თ. ჩაჩანიძემ და სხვებმა, რომლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იდეის დონეზე კარგია, მისაღებია, თუმცა საჭიროებს სერიოზულ სამუშაოებს, გადამუშავებას, სისტემაში მოყვანას. გადაწყვიტეს: (ერთხმად) 2. ამასთან ერთად, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადაში, მიღებულ იქნას ზომები საკანონმდებლო ინიციატივის წარმოსადგენად უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით II. მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. კანონი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, როგორც იურიდიული პირის სტატუსის მოპოვებისა და საქმიანობის ხელშემწყობ ნორმებს. განსაზღვრავს საქმიანობის დემოკრატიულ პრინციპებს, ნებაყოფლობითობისა და სხვა პრინციპებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის საკითხებს. წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია გადასახადებისა და სხვა შეღავათების დაწესება, რაც უზრუნველყოფს მიწის ბაზრის შექმნასა და წვრილი სოფლის მეურნეობების გამსხვილებას. პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით და აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვთ მიმართონ უფლებამოსილ ორგანოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. გამომდინარე კანონპროექტების მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული კოოპერატივებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერასთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. /კანონპროექტების სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






