|

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ე.წ. ვეტო დაძლია. კანონპროექტები "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია თავდაპირველი ვარიანტით და არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის შენიშვნები. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 92-მა პარლამენტის წევრმა, წინააღმდეგი იყო - 24, ხოლო „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიღებულია 92 მომხრით, 22-ის წინააღმდეგ.
პარლამენტის დღევანდელი დილის პლენარული სხდომა სწორედ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის არსებითი სიახლე ისაა, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას სადაო ნორმა უნდა შეჩერდეს მაქსიმუმ 45 დღით, რასაც არ ეთანხმება პრეზიდენტი და იგი პარლამენტს ამ ვადის ექვს თვემდე გაზრდას სთავაზობს. დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი საფრთხეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას უქმნის და კონსტიტუციის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარმოადგინა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადებები ვერ პასუხობს იმ მიზანს, რომელიც კანონპროექტის ინიცირებისას იყო დასახული. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის შენიშვნებს. "კანონპროექტის მიზანი არის ორი: ერთი ის, რომ მოხდეს კანონის მოქმედების გაჩერებით გამოწვეული შესაძლო ზიანის ვადის მაქსიმალურად შემცირება და მეორეს მხრივ, განისაზღვროს საკმარისი ვადა იმისთვის, რომ სასამართლომ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება მიიღოს. ამისათვის განისაზღვრა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიცემული 30-დღიანი ვადა შეიძლება კიდევ 15 დღით გაგრძელდეს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო იმ პერიოდში, როცა კანონის ნორმის მოქმედება შეჩერებულია, წყვეტს სხვა საქმეების განხილვას და მოსამართლეთა მთელი კორპუსი - ცხრა მოსამართლე მხოლოდ ამ ერთ საკითხს იხილავს. კომიტეტი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს მხარს არ უჭერს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. განხილვაზე საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია პავლე კუბლაშვილმა დააფიქსირა, საპარლამენტო უმრავლესობისა კი - შალვა შავგულიძემ. პარლამენტმა დღესვე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას უკავშირდება. საუბარია კოდექსის 38-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლას კრძალავას. პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტის თანახმად კი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად უმაღლეს სასწავლებლებს უკავშირდება და ის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მათი ავტონომიურობის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას იძლევა. ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ წარმოადგინა და განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის შენიშვნებს. მისი თქმით, თავის დროზე დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვალათ და ისინი კერძო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნდნენ, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კერძო სასწავლებლებად გარდაქმნას და სახელმწიფო ქონების განიავებას. ივანე კიღურაძის ინფორმაციით, პარლამენტის წევრი უმცირესობიდან სერგო რატიანი, გიგი თევზაძე და "მათი მეგობრები" ილიას უნივერსიტეტის მეწილეები გახდნენ. "თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლების საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არაკომერციულ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნაში მზაკვრული გეგმა იყო ჩადებული. ეს იყო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კერძო სასწავლებლებად გარდაქმნის გეგმა. ამის მშვენიერი მაგალითია კახა ბედუქიძისთვის 100 მილიონად ღირებული ქონების 4 მილიონ 150 ათასად გადაცემა და ამის შედეგია ის, რომ საქართველო, სასოფლო- სამეურნეო ქვეყანას, დღეს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროფილის უმაღლესი სასწავლებელი არ გააჩნია. იყო შემთხვევა იმ ქონების ხელში ჩაგდებისა და იმ ქონებასთან თამამად შეთამაშებისა, რომელიც ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. მაგალითად, 2012 წლის 4 მაისს, ერთ-ერთ ბინაში შეიქმნა არასამეწარმეო იურიდიული პირი - "კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები" ბატონ სერგო რატიანის, გიგი თევზაძისა და მისი მეგობრების შემადგენლობით. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ნიკა გილაური აწერს, ილიას უნივერსიტეტის დამფუძნებლად სახელმწიფოსთან ერთად "კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები" გამოცხადდა. რა უფლება ჰქონდა რამდენიმე პიროვნებას, რომ თავი გამოეცხადებინა დამფუძნებლად, მეწილედ იმ დაწესებულებისა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის?!“, - განაცხადა ივანე კიღურაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. რაც შეეხება საკუთრივ "სამოქალაქო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მისი გუნდის შენიშვნებს, ივანე კიღურაძის განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს, არასწორია. ივანე კიღურაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით უნივერსიტეტები რეალურ ავტონომიას, დამოუკიდებლობას, საბოლოო ჯამში კი, ქვეყანა მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებს მიიღებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა გამოსვლები კი, საბოლოოდ, პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა, რაზეც უმრავლესობის მხრიდან სათანადო პასუხები მიიღეს. ამის შემდეგ პარლამენტმა სხვადასხავა კანონპროექტი განიხილა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა მეორე მოსმენით განსახილველად ორი კანონპროექტი წარადგინა: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელთა მიმართ შენიშვნები არავის გამოუთქვამს. მეორე მოსმენით განიხილეს ასევე კანონპროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა წარმოადგინა. შენიშვნები არც ამ კანონპროექტის მიმართ დაფიქსირებულა. პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის საკანონმდებლო ინიციატივა „ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს. პროექტის მიხედვით, ნასამართლეობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6-ისა. კანონპროექტის მიმართ რედაქციული შენიშვნები არავის გამოუთქვამს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განსახილველად ორი კანონპროექტი წარადგინა: „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, ხოლო - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“- პირველი მოსმენით. სხდომის დასასრულს პარლამენტარებმა კენჭი უყარეს დღევანდელ და წინა დღის პლენარულ სხდომებზე სხვადასხვა მოსმენით განხილულ კანონპროექტებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი დღე - პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე - პარლამენტის სახელით მიულოცა პროკურატურის მუშაკებს და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა უსურვა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დღესვე საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. დღესვე პარლამენტმა განმეორებით კენჭისყრაზე დააყენა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და რამდენიმე პუნქტის გამოკლებით, მეორე მოსმენით 89 ხმით, ერთხმად მიიღო. ამით პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 31 მაისს, 12 საათზე გაიმართება. |