პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გაცნობით დაიწყო. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განცხადება გააკეთა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის II მოსმენით განხილვა არასწორად და პროცედურულ დარღვევებად შეაფასა. მისი მოსაზრებით, ამ კანონპროექტის განხილვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბოიკოტის პერიოდს დაემთხვა და მის პოლიტიკურ გუნდს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის საშუალება არ მიეცა, მაშინ, როდესაც ფრაქციას ორი ალტერნატიული წინადადება ჰქონდა მომზდებული. „ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ამ კანონის განხილვა ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის გენერალური მდივნის დაკავების გამო ბოიკოტს აცხადებდა და შესაბამისად, არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი ალტერნატიული ხედვა. გთხოვთ, დაევალოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს იმსჯელოს, თუ რამდენად არის გამართლებული რეგლამენტის შესაბამისად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის გარეშე განხილული იქნეს კანონი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ აღნიშნულ საკითხზე თავის ხედვები აქვს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. უმცირესობის წევრის მოსაზრებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. დავით უსუფაშვილმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალშიც მსგავსი კითხვების საპასუხოდ აცხადებს, რომ პარლამენტი თავისი წესებით და გრაფიკით მუშაობს. „ფორმულირება იმისა, რომ საკითხი განხილულ იქნა მაშინ, როცა ოპოზიცია იმყოფებოდა ბოიკოტზე, არასწორია. ოპოზიცია იმყოფებოდა პოლიტიკურ ბოიკოტზე მაშინ, როდესაც ეს საკითხი იხილებოდა - ეს არის სწორი. ამიტომ ყველა, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას დავესწროთ თუ არა სხდომას, უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ჩვენი არ დასწრება არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი წყვეტს მუშაობას. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოხდა წესების სრული დაცვით - ალტერნატიული წინადადებები იყო დარიგებული და პლენარულ სხდომაზე მათ ეყარათ კენჭი. ასე რომ, თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს ამასთან დაკავშირებით და სანამ ვინმეს რაიმეს დავავალებთ, გთხოვთ ჩემ სახელზე წერილობით წარმოადგინეთ მოსაზრებები თუ რეგლამენტის რომელი მუხლის დარღვევას ჰქონდა ადგილი და შემდგომ გამოვიკვლიოთ ეს საკითხი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. განცხადების შემდეგ პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას შეუდგა. პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი III მოსმენით წარმოადგინა. მანვე დეპუტატებს ის რედაქციული ცვლილებები გააცნო, რომლებიც წინა განხილვის შემდგომ იქნა მომზადებული და პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. საკითხის მომხსენებელმა აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე სამი კანონპროექტიც წარმოადგინა. დეპუტატებმა ასევე III მოსმენით „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებიც განიხილეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა პარლამენტის წევრებს I მოსმენით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, მოტივაცია იმისა თუ რამ გამოიწვია ამ კანონპროექტის მომზადება, განპირობებულია იმით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ფართომასშტაბიანი საქმიანობის შემადგენელი კომპონენტია და იგი ფერმერთა ნებაყოფლობის შემთხვევაში ამა თუ იმ მეპაიეობაში გაერთიანების საშუალებას იძლევა. გიგლა აგულაშვილმა ვრცლად ისაუბრა ახალი ინიციატივის თაობაზე და ის კონკრეტული პროექტები და პროგრამებიც ახსენა, რომელსაც სახელმწიფო კოოპერატივების შემდეგ განახორციელებს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ კენჭისყრის პროცედურა მოეწყო, რომელზეც დეპუტატებმა დღეს განხილული საკითხები მიიღეს. სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებით დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიმართა. დავით უსუფაშვილმა მაისის თვეში არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის ფაქტებზე ისაუბრა და მიმდინარე თვის მონაცემები შეაჯამა. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის შესაბამისი მუხლებიც წაიკითხა და არასაპატიო მიზეზებით გამცდენი დეპუტატებისთვის ფინანსური სანქციებიც განმარტა. „იძულებული ვარ საჯაროდ კიდევ ერთხელ განვაცხადო ის ნორმები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენებს შეეხება. მე მომაწოდეს მაისის თვეში გამცდენი 40 დეპუტატის სია როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან და ამ დოკუმენტს მიიღებს ყველა ფრაქციის აპარატი. 8 ივნისამდე ველოდები ცნობებს ამ დეპუტატების არგამოცხადების თაობაზე, შემდეგ შეჯამდება ეს მონაცემები და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ამით, 28-31 მაისის სასესიო კვირის პლენარული სხდომა დასრულდა.