პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა | ბეჭდვა |
პარასკევი, 31 მაისი 2013 17:48

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

პატარა სტუმრებს პარლამენტის წევრებმა გუბაზ სანიკიძემ, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სტუმრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები და ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიხარულის წუთები. უნდა შევეცადოთ, რომ პატარებს ცხოვრება გავულამაზოთ. ბავშვებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ, განსაკუთრებული ყურადღება და მოპყრობა სჭირდებათ. ეს როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია. დღეს პარლამენტში გამოფენილი ნამუშევრები ამ ბავშვების ნიჭიერების უტყუარი დასტურია“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პატარა სტუმრებს სამახსოვრო სიგელები და ტკბილეული გადაეცათ.
გამოფენა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით და პარლამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 03 ივნისი 2013 11:12