| სხდომის ოქმი #28 |
|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N28
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი , ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი
( დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე)
(ლევან დოლიძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე)
(თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე) 1. მოისმინეს: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დავით ლომინაძის მოხსენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ შესახებ. მომხსენებლის განმარტებით, კონვენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისა და მათი დაცვის ხელშეწყობისათვის, თუმცა დამატებით გასაანალიზებელია მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხი რიგ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის ცალკეული მუხლებით. კონვენციის ზოგიერთ ნორმაში არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით, აღნიშნა ლომინაძემ, ასევე მნიშვნელოვანია, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაძლო ცვლილების ანალიზი, კერძოდ, საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, ასევე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ეფექტური და სათანადო ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რაც უკავშირდება ქორწინებას, ოჯახს, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა. მომხსენებელის განმარტრბით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს და კრძალავს ქორწინებას იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობს ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. კონვენციის ამავე მუხლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა გაეწიოთ სათანადო დახმარება შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლმა ნათია ფირაშვილმა შენიშნა, რომ წარმოდგენილი თარგმანი არ შეესაბამებოდა კონვენციის ავთენტურ ტექსტს, რამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები წარმოშვას. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში გარკვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, კონვენციის შესრულების მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. კომიტეტმა გადაწყვიტა: დაუჭირეს მხარი აღნიშნული კონვენციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 2. მოისმინეს: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან დოლიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონპროექტის შესაბამისად სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის სახელწოდება „მსმენელი“ შეიცვლება სახელწოდებით „იუნკერი“, ინიციატორთა მოსაზრებით ეს სახელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში საბრძოლო მოტივაციის გაზრდას და სამხედრო საქმის პოპულირიზაციას, რამდენადაც ეს ტერმინი ქართულ ენაში საქართველოს დამცველი გმირი ჭაბუკის სინონიმად დამკვიდრდა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. 3. მოისმინეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . პროექტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდა დაადგენს თუ რამდენადაა პირი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად მზად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, აღარ იმოქმედებს აქამდე არსებული პროფესიული განათლების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა, არამედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს მტავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, სერგო რატიანმა, ელისო ჩაფიძემ, თეიმურაზ ჭკუასელმა. ასევე პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარემ დანიელ დავითაშვილმა. ივანე კიღურაძის აზრით სწავლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებლებში უნდა იყოს უფასო, რაც დამოკიდებულია მთავრობის კეთილ ნებაზე. ფრიდონ საყვარელიძემ მომხსენებლისგან მოითხოვა დამატებითი განმარტება, გამნოიწვევდა თუ არა წარმოდგენილი კანონპროექტი დამატებით ფინანსურ ხარჯებს, და თუ კი ვინ დაფარავდა ამ ხარჯებს. სერგო რატიანის აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი ზღუდავს არჩევანის საშუალებას. დენიელ დავითაშვილი საჭიროდ თვლის მომავალში კანონპროექტის მიღების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგრძელდეს მუშაობა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის დახვეწის მიზნით და ამისთვის სოციალური პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც ყველა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მოკლე ვადაში შეიმუშავებს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას და პარლამენტის შესაბამის კანონპროექტს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






