სხდომის ოქმი #29

                                                        განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N29 

11  ივნისი, 2013. 17 სთ.    საქართველოს პარლამენტი,   სხდომათა დარბაზი N6  

 

 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,  ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                         

 

                                                                დღის წესრიგი                                                                                                        

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით.

(თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის პირველი მოადგილე)

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაზა პაპუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  განხილვა პირველი მოსმენით.

( ზაზა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის  წევრი)      

  1.მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის მოხსენება  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ასევე, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ახალი აკადემიური ტანამდებობა- ასისტენტი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს. წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრაც ხორციელდება, რომლის მიხედვითაც რექტორის თანამდებობრივი სარგო პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1.15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1.35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებით განისაზღვრება. ცვლილება ეხება, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესსაც, რომელსაც განათლების მინისტრის წარდგინებით დროებით თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, სერგო რატიანმა, ფრიდონ საყვარელიძემ, მიხეილ მახარაძემ.

სერგო რატიანის აზრით, წარმოდგენილი ცვლილებები უმაღლესი განათლების დაწესებულებების ავტონომიურობაში უხეში ჩარევაა და ბოლონიის პროცესთან შეუთანხმებელი მოქმედებაა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა უნივერსიტეტის აკადემიური წრიდან უნდა მოხდეს და ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის ჩართვა სასწავლებლის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევას გამოიწვევს.

თამარ სანიკიძემ დამატებით განმარტა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ დროებითი თანამდებობაა და სასწავლებლის რექტორის კონკურსის წესით არჩევის ნორმა უცვლელი რჩება.

ალექსანდრე ქანთარიას აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი განათლების სიტემაში სამართლიანობის აღსადგენად წინ გადაგმული ნაბიჯია. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც დოქტორანტი ხდებოდა სასწავლო დაწესებულების რექტორი და ხელმძღვანელობდა პროფესორებს.

ივანე კიღურაძე მიესალმა წარმოდგენილ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ასისტენტის დამატება აკადემიურ თანამდებობაზე გაზრდის ასპარეზს ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, ეს ცვლილება ჩვენი განათლების სისტემას უახლოებს დასავლურ, ევროპულ სისტემას. მისი აზრით, ასევე ბუნებრივი და მისასალმებელია რექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები, რექტორს უნდა გააჩნდეს აკადემიური ხარისხი.

ბიუჯეტის ფორმირების წესზეც გამოითქვ დადებითი შეფასებები. 

კომიტეტმა გადაწყვიტა: 8 მომხრე, 3 წინააღმდეგი კომიტეტმა დაუჭირა მხარი კანონპროექტის  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 1 მოსმენით განხილვას.

2.  მოისმინეს: პარლამენტი წევრების ზაზა პაპუაშვილის და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეატანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა პარლამენტის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის შერჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების, სარეკომენდაციო საბჭოსა და თეატრალური კოლექტივის ერთობლივი კონსესუსით მოხდება.

წარმოდგენილ კანონპროექტზე გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ალექსანდრე ქანთარიამ, გიორგი ქავთარაზემ, მიხეილ მახარაძემ. 

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 7 მომხრე, 2-მა თავი შეიკავა  მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

3. მოისმინეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . პროექტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდა დაადგენს თუ რამდენადაა პირი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად მზად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, აღარ იმოქმედებს აქამდე არსებული პროფესიული განათლების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა, არამედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს მტავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ,  ფრიდონ საყვარელიძემ, სერგო რატიანმა, ელისო ჩაფიძემ, თეიმურაზ ჭკუასელმა. ასევე პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარემ დანიელ დავითაშვილმა.

ივანე კიღურაძის აზრით სწავლება  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებლებში უნდა იყოს უფასო, რაც დამოკიდებულია მთავრობის კეთილ ნებაზე.

ფრიდონ საყვარელიძემ მომხსენებლისგან მოითხოვა დამატებითი განმარტება, გამნოიწვევდა თუ არა წარმოდგენილი კანონპროექტი დამატებით ფინანსურ ხარჯებს, და თუ კი ვინ დაფარავდა ამ ხარჯებს.

სერგო რატიანის აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი ზღუდავს არჩევანის საშუალებას.

დენიელ დავითაშვილი საჭიროდ თვლის მომავალში კანონპროექტის მიღების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგრძელდეს მუშაობა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის დახვეწის მიზნით და ამისთვის სოციალური პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც ყველა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მოკლე ვადაში შეიმუშავებს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას და პარლამენტის შესაბამის კანონპროექტს.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

ასევე სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განიხილა კომიტეტის წევრის ბატონ ფრიდონ საყვარელიძის განცხადება ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოს „ შავ ნაკადულთან“ შესახებ.

კომიტეტმა გადაწყვიტა: ფრიდონ საყვარელიძის წერილი გადაეგზავნა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის  და მოეთხოვა  ინფორმაცია აღნიშნული ტილოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესახებ. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მის გატანასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                            ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია