| სხდომის ოქმი #20 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #20 2013 წლის 11 ივნისი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად/ სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. მისაბიშვილი), ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: დ. გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ზ. ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და ამავე კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე, გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრები). I. მოისმინეს: ზ. ტყემალაძის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია დროებით შეაჩეროს მოქმედი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნაწილის მოქმედების 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას, რომელიც ითვალისწინებს უცხოელებისა და უცხო ქვეყენაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას. (თუმცა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ და 2017 წლის მაგივრად 2014 წელი შეგვაქვს, 2014 წლის ბოლომდე). ამასთან, კანონპროექტით დადგენილი მორატორიუმი არ ვრცელდება კანონპროექტის ამოქმედებამდე უცხოელის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს მთავრობამ 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით. /კანონპროექტის სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 2. დ. გალეგაშვილი: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ამას შესაბამისი კანონმდებლობა ჭირდება. მე დავალებული მაქვს ერთი-ერთი რაიონის მაგალითზე, პილოტური პროგრამა გავაკეთოთ, იმ რუქების და ინფორმაციების საფუძველზე, რაც გადარჩენილია. ნაწილი ამ მონაცემებისა საჯარო რეესტრშია, ნაწილი - დაკარგულია. უნდა ვიცოდეთ, რამდენი მიწა გვაქვს, მასზე რა მოსავალი მოდის და ა.შ. ეს კეთდება. მიწის კოდექსზე მუშაობა უნდა იყოს სავალდებულო და არა კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ჩვენ ვლაპარაკობთ კანონმდებლობის შექმნაზე და კანონმა უნდა განსაზღვროს ისეთი საკითხები, როგორიცაა გაიყიდოს, თუ არა მიწა უცხოელებზე, თუ უნდა გაიყიდოს, რა პირობებით, საჭიროა განისაზღვროს ნიადაგის კატეგორიები, ხარისხი. შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობა გულისხმობს ზუსტი მონაცემები შეგროვდეს ამის თაობაზე. 3. ვ. ლემონჯავა: მე მინდა გავამახვილო ყურადღება კერძო მესაკუთრეებზე, რომელთაც არ აქვთ თავიანთი მიწა რეგისტრირებული. ჩემი აზრით, სანამ სახელმწიფო არ ჩაერევა და ერთიანი პოლიტიკა არ განხორციელდება, ამ მონაცემების სრული ელექტრონული ბაზა არ გვექნება, საქმე ვერ გაკეთდება. სერიოზული პრობლემები ქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგაზაფხულო პროგრამის განხორციელების დროს, სწორედ ამ მიზეზით. მეორე: არიან ადამიანები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. როგორ უყურებთ ამ პრობლემას? ასევე, მაღალმთიან ზონაში გამოყოფილია 3 მიმართულების საკუთრება: საკომლო, სათემო და სახელმწიფო. სათემო საკუთრება სოფლის საკუთრებაა? 4. ზ. ტყემელაძე: მართალი ხართ, ორივე საკითხი მნიშვნელოვანია. სწორედ, ეს უნდა დარეგულირდეს კანონით, კანონმა უნდა განსაზღვროს, თემმა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ და თვითმმართველობის ორგანომ, რა გააკეთონ. 5. გ. აგულაშვილი: პროექტის მეორე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (რასაც მიზნად ვისახავთ) – მოიცავს მაგ თემას. პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტია, რა უნდა მივცეთ თემს, თვითმმართველობას, სახელმწიფოს და რა ფორმით. ამისი შემუშავებაც, შეთანხმებაც, კონსულტაციებიც, პარლამენტში განხილვაც, შესაძლებელია 6 თვეში. ერთი კიდევ: სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კერძო საკუთრების უფლების რეალიზაციას. ეს არის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც თაღლითური სქემებით შეეცვალა კატეგორია, მერე მოხდა მათი გასხვისება კერძო პირებზე, რომლებმაც თავის მხრივ, გაასხვისეს ისინი. ეს სქემა მოფიქრებულია იმისთვის, როგორ მოხდეს უცხოელზე გასხვისება და პროცესი იწყება მიწის ხელში ჩაგდებიდან. საჭიროა, დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები თითოეული შემთხვევისთვის, რადგან ადგილი ქონდა დარღვევებს კანონთან მიმართებაში. დროებითი შეზღუდვა არის ზუსტად შეთავაზება იმისი, რომ სახელმწიფომ შეძლოს, ბოლომდე გასცეს ყველა კითხვას პასუხი. იმედი მაქვს, ფართო კონსენსუსის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ნორმაც დაარეგულირებს ამას. გ გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






