|
პარლამენტის წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართული თეატრისა და კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა. ამის შემდეგ პარლამენტი მუშაობას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით შეუდგა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო 92 ხმით დაძლია, წინააღმდეგი იყო 33 დეპუტატი. პრეზიდენტის შენიშვნებს 32 მხარდამჭერი აღმოაჩნდა, წინააღმდეგი იყო – 81. კანონპროექტზე კენჭისყრას წინ მრავალსაათიანი, მწვავე განხილვა უსწრებდა. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი შეიცავს პოზიტიურ ცვლილებებს, რაც მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ყურადსაღებია პროექტთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის და ადვოკატთა კორპუსის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები. პრეზიდენტის შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვის საგამონაკლისო უფლებას ეხება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს. პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს. პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა შავგულიძემ დააფიქსირა. მისი შეფასებით, განსახილველმა საკითხმა არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო და მომხსენებელი და საპარლამენტო ოპოზიცია ისე წარმოაჩენს საკითხს, თითქოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ზღუდავს დაცვის მხარის უფლებებს და დაცვას ბრალდების მიმართ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შალვა შავგულიძის თქმით, სწორედ მოქმედი კოდექსით იყო, რომ ორი მხარის თანასწორობა ერთმანეთთან ახლოსაც არ იდგა და დისბალანსი გამოხატული იყო ბრალდების მხარის სასარგებლოდ. ახალი კანონპროექტი კი დაცვის მხარის უფლებებს ზრდის და ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია. მან დეტალურად ისაუბრა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე და კოლეგებს მოუწოდა, რომ სისხლის სამართლის წარმოებაში მხარეთა თანასწორობის ბალანსის დაცვის საკითხს ნუ გადააქცევენ პოლიტიკური უპირატესობების მოპოვებისათვის ბრძოლის მიზნად. ამგვარად, განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მთლიანობაში პროგრესულია, ცალსახად ზრდის დაცვის მხარის უფლებებს სისხლის სამართლის საქმეში და თუ მომავალში წარმოდგენილი იქნება არგუმენტირებულად დასაბუთებული წინადადებები ცალკეულ ნორმებთან მიმართებაში, პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს ამის თაობაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის პოპულისტურ ნაბიჯებს კანონპროექტთან მიმართებში ყველა შესაბამისად შეაფასებს. დასასრულ, შალვა შავგულიძემ დეპუტატთა კითხვებს უპასუხა. შემდეგ კი პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა დააფიქსირეს პოზიცია. პარლამენტმა დღესვე იუსტიციის საბჭოს ოთხი წევრი აირჩია. კენჭისყრის მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულები არიან ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.
პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა აერჩია, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი წევრის არჩევა ხმათა 2/3 –ით ხდება და ასევე იმის გამო, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, პარლამენტმა იუსტიციის ორი წევრის არჩევა ვერ შეძლო. კენჭი უყარეს ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, რომელთა შორის იყვნენ ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება. კონკურსი გამოცხადდება ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა საქართველოს მთავრობის ანგარიში „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა, და საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის წლიური ანგარიში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წარადგინა. კანონმდებლებმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცეს მთავრობის ანგარიში, ხოლო ეროვნული ბანკის ანგარიში – 82 ხმით, 5–ის წინააღმდეგ. პარლამენტი იმ საკითხებს, რომელთა განხილვაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვერ მოახერხა, მომავალ სასესიო კვირას დაუბრუნდება. შემდეგი პლენარული სხდომა 26 ივნისს გაიმართება.
|