|

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო "Chatham house“-ში (საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტი) გამართულ მრგვალ მაგიდაში, რომლის თემა იყო "საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევები და გამოწვევები".
დისკუსიაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის აკადემიური წრეების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და კოჰაბიტაციის რთულ პროცესზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი პარლამენტი არსებითად განსხვავდება წინამორბედი პარლამენტებისგან. ,,დღეს პარლამენტში გვყავს ძლიერი, კვალიფიციური ოპოზიცია და მრავალპარტიული, კოალიციური უმრავლესობა. პოლიტიკური პროცესების გადატანა პარლამენტში მოხერხდა. აღნიშნული გარემოებები ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების და პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
 დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიზაციის პროცესი ახალი ხელისუფლების სამი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას და მნიშვნელოვნად წაიწიოს წინ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებების, კერძოდ უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საკითხებზე. დისკუსიის თემები აგრეთვე იყო: მედია, ბიზნესი, დეცენტრალიზაცია, ეკონომიკა, შრომის კოდექსი, კონფლიქტები, რუსეთთან ურთიერთობა, ასოცირების ხელშეკრულება, MAP-ი(ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა), სასამართლო რეფორმა და სამართლიანობის აღდგენა.
|