პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორთან, ოლივიერ დესკამპსთან შეხვედრა გამართა | ბეჭდვა |
პარასკევი, 21 ივნისი 2013 16:51

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორს, ოლივიერ დესკამპსს შეხვდა.

დავით უსუფაშვილმა ოლივიერ დესკამპსს გააცნო ქვეყნის პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტები, ისაუბრა ეკონომიკური ზრდისა და საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. ოლივიერ დესკამპსმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობას. მან მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს ხელისუფლებას არსებული მიღწევების განვითარებაში და ახალი პროექტების განხორციელებაში. მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას საინვესტიციო კლიმატი. ,,EBRD-ი ერთ-ერთი დიდი ინვესტორია ქვეყანაში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს ახორციელებს. EBRD-მა საქართველოსთვის ახალი 3 წლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება, სადაც დეტალურადაა გაწერილი სამომავლო გეგმები“, - განაცხადა ოლივიერ დესკამპსმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ასევე ისაუბრა ადგილობრივი კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. მან ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. ოლივიერ დესკამპსმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან, რათა მოხდეს ეკონომიკური მიმართულების საკანონმდებლო პროექტების მაქსიმალურად დახვეწა. დავით უსუფაშვილმა ოლივიერ დესკამპსს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ EBRD-სა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა.

ბოლოს განახლდა შაბათი, 22 ივნისი 2013 15:30