იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Tuesday, 25 June 2013 19:52

ამომრჩეველთა ერთიანი სიიის ფორმირების წესი იცვლება . იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენისთვის განიხილა. პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების ფორმირების წესი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის არჩევნებისთვის დაეფუძვნება ბიომეტრიულ პარამეტრებს. ერთიან სიაში შეტანილ ამომრჩეველთა შესახებ არსებულ მონაცემებს დაემატება ამომრჩველთა ბიომეტრიული ფოტოსურათი და სქესი. დაზუსტდება სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორე. თანაბრდება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. ახლებურად განისაზღვრება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი, ასევე ზუსტდება საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების გამოწვევისა და შეცვლის წესი. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფში პოზიციების შეჯერება 7 საკითხზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, გარდა დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებისა უახლოეს პერიოდში კიდევ ორ საკითხზე მოხდება პოზიციათა შეჯერება. ესენია: პარტიების დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის საკითხი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის რეგულაციებში ცვლილებები შედის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, მარიამ საჯაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიხედვით, სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ სტაჟირებაში მონაწილეთა რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების 10%-ისა. პროექტში გაწერილია სტაჟირების პროგრამის განხორციელების წესები. სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჯში. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის შექმნა. კანონპროექტის მიზანია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საგანმანათლებლო, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებების დაფუძვნებისა და ფუნქციონირების ახალი, ეფექტური სისტემის დანერგვა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტით, ცვლილება შედის აღნიშნული კანონის #2 დანართში. კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხას ემატება ე.წ. სპაისები (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით): JWH-018, JWH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, GP-47, 497. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი ნანა ბღარაშვილის და ირაკლი იადონიძის კანდიდატურები და მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე წარდგენა.

Last Updated on Tuesday, 25 June 2013 19:59