პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა | Print |
Wednesday, 26 June 2013 13:38

პარლამენტში გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის პრობლემების გადაწყვეტაზე მსჯელობდნენ შიდა ქართლში, საოკუპაციო საზღვრისპირის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება განიხილეს დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. 

სხდომაზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიმდინარეობაზე გაკეთდა. დეტალურად ისაუბრეს სარწყავი წყლით მომარაგების სისტემებზე და იმ პრობლემებზე, რაც ართულებს ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას და სოფლის მოსახლეობას ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაში.
შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაისვა შეკითხვები, რომელთაც პასუხები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა; სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით შერვაშიძემ; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა; შს სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გასცეს. სხდომაზე ისაუბრეს პრობლემების გამოსწორების გზებზე, გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სარწყავი წყლის სისტემების გამართული მუშაობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ეს თემა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს სეზონიდან გამომდინარე, მაგრამ ჯერ კიდევ დგას წყალმომარაგების სისტემების შევსების საკითხი, ასევე პრობლემას წარმოადგენს შიდა დაქსელვა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სრულიად მიტოვებულია და გაჩანაგებული სისტემა ჩაიბარა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „ოსურ მხარესთან მოლაპარაკებების საკითხია საოკუპაციო ზონაში მოხვედრილი ზონკარისა და ცხინვალის წყალსაცავები, აქ შეგვიძლია პოზიტიური მოლაპარაკებების იმედი გვქონდეს, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ ოსურ და ქართულ სოფლებს ეშველებათ თუ ის წარმატებით დამთავრდება და რისი იმედიც გვაქვს“, განაცხადა ვოლსკიმ.
ამავე საკითხებზე სასაუბროდ ერთობლივი სხდომა ერთ თვეში ისევ გაიმართება.

Last Updated on Wednesday, 26 June 2013 13:41