|
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ბოლო დროს გახმაურებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელზეც ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების პროცესში ამ კომისიის ჩართვას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი თქმით, პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად დროულად უნდა იქნას გამოძიებული აღნიშნული საქმე და მასში ყველა, უშუალო მონაწილე, შემსრულებელი, თუ დამკვეთი უმკაცრესად უნდა იქნას დასჯილი. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ. „წამება და არაადამიანული მოპყრობა, არის იმდენად საშინელი და ამაზრზენი დანაშაული, რომ ყველა ადამიანი, ვინც მსგავს დანაშაულს ჩადიოდა, ორგანიზებას უწევდა ან იცოდა და არ ამხელდა, უნდა იყოს გამოვლენილი და კანონის ფარგლებში უმკაცრესად დასჯილი. არ მგონია, არსებობდეს ნორმალური, ჯანსაღი, ფსიქიურად დალაგებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ვინმეს შეიძლება ეს დანაშაული ეპატიოს“ - განაცხადა დეპუტატმა. იგი გუნდის სახელით, სრულ პოლიტიკურ გარანტიას აძლევს მთავრობას, რომ ყველა დამნაშავის გამოვლენასა და დასჯაში მათი თანამონაწილეები იქნებიან. „ჩვენ გამოვთქვით სურვილი, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა საკითხის ფუნდამენტური შესწავლა მოხდეს და პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველამ მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები პოლიტიკურ პასუხიმგებლობას ვერ აიცილებენ. „ის, რომ ხარ ხელისუფლებაში, შენი ვალდებულებაა, ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს. გვეგონა, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები, რომლებიც ტოტალურად ახასიათებდა საქართველოს, აღმოვფხვერით. ეს არის ჩვენი შეცდომა და ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. ადამიანთა წამების შესახებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმცირესობის წევრები საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აკისრებენ. „საზოგადოებისა და დაზარალებულების მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. როდესაც ადამიანების წამებასთან დაკავშირებული დანაშაულები ხდება, ე.ი. ხელისუფლება არ იყო საკმარისად ეფექტური, - განაცხადეს მათ. უმცირესობის წარმომადგენელთა თქმით, სიმართლის დადგენა, ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება და პრევენციულ მექნიზმებზე მსჯელობა არის საერთო მიზანი, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს. უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებებს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. „გულწრფელი აღშფოთების შემთხვევაში გაემიჯნეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ . მიმართეს მათ კოლეგებს. ცინიკურია განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა არ იცოდით რა ხდებოდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. „მარტო „გირგვლიანის“ საქმე იყო საკმარისი იმისთვის, რომ გაგეაზრებინათ რა სისტემას აშენებდით. ტემპერატურა მაღალ დონეზეა და თქვენ უნდა გამოთქვათ სინანული “, - განაცხადა ვიცე სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, სირცხვილია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს და მათ არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა მთელი ამ 9 წლის განმავლობაში. ვიცე სპიკერმა მთლიანად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პოლიტიკიდან წასვლა ურჩია. „გეყოთ გამბედაობა და თქვით - ამ პოლიტიკურ ძალას ჩვენ ვემიჯნებით“, - განაცხადა ვიცე- სპიკერმა. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებისკენ კოლეგებს ალექსანდრე ქანთარიამაც მოუწოდა. „მე არ მჯერა თქვენი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ წუხართ იმ ადამიანებზე, ვისაც ჯალათები სადისტურად ექცეოდნენ. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდით და თქვით, რომ ემიჯნებით ჯალათების პარტიას და ტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, -განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე კი, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადამიანების წამების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. დეპუტატმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, დამნაშავეების მკაცრად დასჯის მოთხოვნის გარდა, პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზეც აიღონ და თავი დაანებონ სიცრუის ტირაჟირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ პარლამენტს სამართლებრივი რეგულაციების დაწესების თხოვნით მიმართა, რათა ბანკებში იპოთეკით დატვირთული ბინებიდან დაზარალებულთა გამოსახლება შეწყდეს. „ჩვენ მივიღებთ დევნილთა მესამე ტალღას. ათობით ათასი ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩება. აუცილებლია, სახელმწიფომ გაატაროს დროული პოლიტიკა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს“, -განაცხადა გედავან ფოფხაძემ. განცხადებების დასრულების შემდგომ დეპუტატებმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძეს. მათ 76 ხმით, ერთხმად მიიღეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ .თავდაპირველი პროექტით, კომისიაში 21 წევრი უნდა ყოფილიყო, თუმცა, წევრთა რაოდენობა 20-მდე შემცირდა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, უმრავლესობის კვოტა უმცირესობის კვოტასთან შეფარდებაში მეტი გამოდიოდა, ამიტომ, კომისიის წევრი, გიგა ბუკია, მისივე თანხმობის საფუძველზე, აღარ იქნება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გორდულაძემ პარლამენტის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი ნანა ბღარაშვილის და ირაკლი იადონიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა მათ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატებმა 69 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიში, რომელიც სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ებანოიძემ წარადგინა. კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს „პროფესიული თეატრების შესახებ“; „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებს. დეპუტატებმა 70 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მიიღეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქ თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნასთან დაკავშირებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება. კანონპროექტით, თბილისის საკრებულოს კომპეტენცია აღარ იქნება ისტორიულ-კულტურული ზონების გამოყოფა, ხოლო მთავრობის კომპეტენცია ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის თაობაზე წინადადებების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა პარასკევს, 28 ივნისს 12 საათზე გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
|