|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდნენ. გაფართოებული შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართული პოლიტიკის კოაბიტაციის პროცესზე და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატო აცნობიერებს კოაბიტაციის იმ რთულ პერიოდს, რომელიც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაშია და პარლამენტის მიერ მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან პროცესად აფასებს. „პოლიტიკური კოაბიტაცია არ არის მარტივი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშაოს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მოხდეს დემონსტრირება. ჩვენ, ნატოში ძალზედ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევას და მნიშვნელოვნად ვაფასებთ იმ ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ კოაბიტაციური პროცესი გაგრძელდება და საქართველოს მთავრობა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყნის სამართლიან და დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ მან თავისი ღირსეული ადგილი იპოვოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მესამედ სტუმრობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მკაფიო დემონსტრირებად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველო მტკიცე ნაბიჯებით მიემართება და უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რაც ქართველი ხალხის არჩევანს და წინა და დღევანდელი ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს.
"ჩვენ ვართ ამაყნი, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ დემოკრატიული სამყაროს მცდელობაში, რომ თანამედროვე მსოფლიო იყოს უსაფრთხო, დაცული ტერორიზმისგან და ძალადობისგან. სწორედ ამ მიზნით ჩვენი სამხედრო ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად თავიანთ ძალას, ენერგიას და ხშირად სიცოცხლეს არ იშურებენ, იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების გვერდით, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო უნდა გახდეს გაცილებით უკეთესი, როგორც ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სახელმწიფო, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მიზანს და გავხდეთ სრულფასოვანი წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და შესრულდეს ის განაცხადი, რაც ჯერ კიდევ 2008 წელს გაკეთდა - რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში პარლამენტის როლსა და მის მზადყოფნაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, რეზოლუაცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ არის მხოლოდ შეხედულებებისა და იდეების ერთობლიობა და იგი მომავალი წლების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. "გაცხადებულ მიზნებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ, პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები ველით იმასაც, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები და მომავალი წლის განმავლობაში შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ ინტერგაციის პროცესი გაღრმავდა და წინ წავიწიეთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან გაფართოებულ შეხვედრამდე პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები ნატოს გენერალურ მდივანს დახურულ კარს მიღმაც შეხვდნენ. |