ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 27 June 2013 15:03

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი განიხილეს.

პრეზიდენტის შენიშვნები კომიტეტის წევრებს საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო. შენიშვნები, ძირითადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, სამეურვეო საბჭოსათვის უნდობლობის გამოცხადების, მოქმედი სამეურვეო საბჭოსათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს ეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ იყო და იგი მიუღებელია. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მეურვეთა შერჩევის ახალ წესს გვთავაზობს, სადაც მეურვეთა შერჩევის პროცესში გაცილებით უფრო ფართო ინტერესებია წარმოდგენილი და მეტი გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი.
„დღევანდელი სამეურვეო საბჭო ფაქტობრივად ერთი პირის ნების შესაბამისად იყო ფორმირებული. ამ კანონპროექტში კი გათვალისწინებულია საბჭოს, როგორც მიღების და ფორმირების პროცედურების გამჭვირვალობა და მაქსიმალური მონაწილეობა, ასევე საბჭოს წევრების გათავისუფლებისა და საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს დაშლის პროცედურები. ისე, რომ არასოდეს ეჭვი არ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოხდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტის მთავარი ღირებულება არის ის, რომ იგი საზოგადოების ინტერესის გამომხატველია, ანუ იგი უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მართლაც საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იყოს.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და მხარი არ დაუჭირა.

Last Updated on Thursday, 27 June 2013 19:33