განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 27 June 2013 18:59

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო წელს 20 პროფესიული სასწავლებლის აღდგენას იწყებს.

კომიტეტის წევრებმა „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა მისი და პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელსაც ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომნიტეტის სხდომაზე იმსჯელეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე წარმოდგენილ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებზე, რომელიც კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, მართლაც შეშფოთების საგანია, როცა უკვე არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება, მაგრამ ავტორებმა თავის დროზე გაიზიარეს ის მოსაზრება, რომ ეს პროცესი არჩევნების ციკლს არ დაემთხვას და ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევა 2014 წლიდან მოხდეს.
„მოქმედი სამეურვეო საბჭო, ტელევიზიის საქმიანობის ბოლო წლებიდან გამომდინარე, ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ჩვენი მიზანია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა დემოკრატიულად, სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს, და არა ერთპიროვნულად, პრეზიდენტის მიერ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ, წრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და კვლავ მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს.

Last Updated on Thursday, 27 June 2013 19:53