ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა | Print |
Friday, 28 June 2013 14:25

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომის მთავარი თემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კანონმდებლებს ექვსთვიანი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგების გზაზე, რა შედეგებია მიღწეული ამ მიმართულებით და როგორი შეიძლება იყოს შემდგომი ეტაპი.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ორმხრივი დიალოგის მთავარი თემები თავიდანვე იყო განსაზღვრული და ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა, სატრანსპორტო კავშირის აღდგენა და ჰუმანიტარული ურთიერთობები. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ექვსი თვის თავზე აღნიშნული მიმართულებებით უკვე მიღწეულია გარკვეული შედეგები. ამ დიალოგის შედეგად ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, ეს არის არა მარტო ღვინო და მინერალური წყლები, არამედ ზოგადად ესაა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარის პროდუქცია უნდა შევიდეს რუსულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს არაა კოლოსალური ციფრი, მაგრამ იმედია რომ შემდეგში ეს პროცესი გაფართოვდება და კიდევ უფრო წინ წავა.
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, ხდება სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, როგორც საავტომობილო, ასევე საჰაერო და შესაბამისი უწყებები უკვე დეტალებს განიხილავენ. საუბარია ასევე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ამ მიმართულებითაც გარკვეული პოზიტივი შეინიშნება.
„სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრას ძალიან უარყოფითი ფონი შეექმნა იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ეს პროცესი ნამდვილად ხელს არ უწყობს არანაირ დიალოგს, მაგრამ ჩვენ დასაწყისიდანვე ვამბობდით და ახლაც ამას ვამბობ, რომ რუსეთთან დიალოგი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ეს იქნება რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე და, ალბათ, მომავალშიც ბევრ სირთულეს წავაწყდებით, იმდენად ღრმად ვართ ჩვენ შესული ჩიხში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, რუსეთის მხარესთან დიალოგმა გარკვეულწილად შეამცირა ძალადობის რისკი, ორ ხალხს შორის ურთიერთობის ატმოსფეროც დადებითისკენ შეიცვალა.
ზურაბ აბაშიძემ სხდომაზე დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო არ იყოს ერთად ერთი ქვეყანა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს ოლიმპიურ თამაშებს და, საერთოდ, სპორტი პოლიტიკის გამო არ უნდა დაზარალდეს.
მისივე შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარებისაკენ გადაგმული ნაბიჯები არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის. მისი თქმით, ამ მიმართულებით, უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს პარლამენტის როლიც და დასავლელ პარტნიორებსაც მეტი გააქტიურებისაკენ მოვუწოდოთ. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამაზე ამ ეტაპზე ჯერ ვერ წავალთ, რადგან ეს ნიშნავს იმაზე თანხმობას, რომ რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველო პარალელურად აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის მოგვარებასაც უნდა შეეცადოს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს ქართულ მხარეს ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარების საკითხის მიმართ ძალიან პრაგმატული მიდგომა აქვს, არის ძალიან სერიოზული პროგრესი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტს ველოდებით. მისი განცხადებით, პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, კომისიაში კონფლიქტის მოგვარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტზე მუშაობენ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მოწვევა მომავალშიც იგეგმება.

Last Updated on Friday, 28 June 2013 15:39