|

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს დეპუტატებმა. დღევანდელმა სხდომამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის გარეშე ჩაიარა, რადგან მათ ბოიკოტის ნიშნად დატოვეს პარლამენტი. ამის შესახებ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე. შესვენებამდე განხილულ საკითხებს პარლამენტმა დილის სხდომის დასრულებამდე უყარა კენჭი. კანონპროექტები, რომელთა დაჩქარებული წესით განხილვასაც მოითხოვდნენ ინიციატორები, სხდომებს შორის შესვენებისას განიხილეს კომიტეტებმა და შესვენების შემდეგ გააგრძელა პარლამენტმა მათი განხილვა. დაჩქარებული წესით განიხილეს კანონპროექტები: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ნორმის მოქმედების 2014 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას, რომელიც ეხება უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას, ამასთანავე, აღნიშნული არ გავრცელდება კანონპროექტის ამოქმედებამდე უცხოელის საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; კანონპროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, წარმოდგენილი კანონპროექტით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა განხორციელდება სარეკომენდაციო საბჭოსა და სამხატვრო საბჭოს მონაწილეობით; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოქვეყნების დროებითი წესის რეგულირება. გამარტივებული წესით განიხილა პარლამენტმა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან ფიზიკური პირების, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განთავსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, გათავისუფლების გადავადებას 2014 წლის 1 იანვრამდე. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რაც არეგულირებს საინვესტიციო ფონდების სახეებს, მათი შექმნის წესს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის ფარგლებს და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით იზრდება „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრება „ბორჯომის“ მინერალური წყლისათვის, 1 მ3 წყალზე - 30 ლარით, ხოლო „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის, 1 მ3 წყალზე - 18 ლარით. „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით ხდება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისა და SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციების დაზუსტება, კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ეხება საავიაციო უსაფრთოხების პროგრამასა და უსაფრთხოების მართვის სისტემას, საავიაციო მოვლენასა და მისი შეტყობინების წესს, ასევე სააერნაოსნო მომსახურებას, ზუსტდება სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობის აღიარების წესი. პარლამენტმა დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ წარუდგინა დეპუტატებს. მან ანგარიშის დასრულების შემდეგ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. პარლამენტმა იმსჯელა მოსმენილი ანგარიშის თაობაზე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. არ არის გამორიცხული, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომლებიც არ ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინათ.
დღეს საგაზაფხულო სესიის მუშაობა დასრულდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ამოწურვისა და კენჭისყრების შემდეგ, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და ამით საგაზაფხულო სესია დახურულად გამოცხადდა. თუმცა, საგაზაფხულო სესიის დასრულების მიუხედავად, დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაგრძობენ. რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მიმართავს. |