|
საქართველოს პარლამენტმა დღეს სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს - „სამხრეთ კავკასიის ევროპული ხედვა“ უმასპინძლა, რომელიც ნიდერლანდების ინსტიტუტის მიერ ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ორდღიან ფორუმში, რომელიც ხვალ დასრულდება, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგარდების გარდა, NIMD-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი და სერბეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი მონაწილეობენ. ფორუმზე განიხილავენ საკითხებს: „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ხედვა“, „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები: სამხრეთ კავკასიის ხედვა“ და „ეკონომიკური თანამშრომლობა: ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია“. ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ფორუმი მიზნად ისახავს დისკუსიის წარმართვას სამხრეთ კავკასიის ქვერყნების საგარეო ურთიერთობების, მათი განვითარების და რეგიონში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის შესახებ. „ფორუმს სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ესწრება, რომელსაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა. სამხრეთ კავკასიაში NIMD-ის წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის განმარტებით, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანია ფორუმში მონაწილე ახალგაზრდა პოლიტიკოსების ხედვის გაზიარება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ტრანსნაციონალური ტერორიზმის და მის შესაძლო საფრთხეებზე, რეგიონულ სამხედრო კონფლიქტების რისკებსა და მათ შესაძლო შედეგებზე მსჯელობა. „ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად. აღნიშნული პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ფასეულობებს ეფუძნება“,- აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ. მისივე განმარტებით, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების პროგრესის შესახებ, რომელიც თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს აფასებს. „ შემაჯამებელი ანგარიში ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეფასებას, რომელიც მის მიდგომასა და სტრატეგიას განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის მიმართ. ეს სესია განსაკუთრებული შესაძლებლობა იქნება ამ ანგარიშებში მოყვანილი დასკვნებისა და რეკომენდაციების განხილვისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მათზე რეაგირებისთვის“-, განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში NIMD-ის პროგრამის მენეჯერის, კატი პირის განცხადებით, სამხრეთ კავკასია, მნიშვნელოვანი სავაჭრო და კომერციული ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობს და რეგიონი საუკუნეების მანძილზე დიდი ქვეყნების ინტერესის საგანს წარმოადგენდა. მისივე თქმით, რეგიონის გარშემო მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ფონზე, გლობალური უსაფრთხოების რისკები არსებობს, რომელთა იგნორირება დაუშვებელია სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების მიერ. „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიობიოლოგიური და ბირთვული მასალის გამოყენების, კატასტროფული ტერორიზმის საფრთხე, რადიკალიზმის გავრცელება და დიდი რეგიონული კონფლიქტის რისკი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ძალები შეიძლება ჩაერიონ, ზემოქმედებს რეგიონის პერსპექტივებსა და შიდარეგიონულ ხედვებზე“,- აღნიშნა პროგრამის მენეჯერმა. მისივე მოსაზრებით, ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს რეგიონის სამომავლო პერსპექტივებზე და ხელს უშლის საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებას. „სამხრეთ კავკასიამ, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დადებითი და საპასუხისმგებლო როლი უნდა ითამაშოს საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, -აღნიშნა კატი პირიმ. ფორუმის მეორე, დასკვნითი ნაწილი ხვალ, 30 ივნისს გაიმართება, რომელზეც ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.
|