საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა | Print |
Saturday, 29 June 2013 17:39

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ინიცირებული კონსტიტუციური კანონების პროექტების განხილვის განრიგი შეიმუშავეს და დაამტკიცეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც იუსტიციის სახლში გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულმა სხდომამ 26 ივნისს მიიღო. კომისიას ხელმძღვენლობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ხოლო მის შემადგენლობაში 20 წევრია. პარლამენტის წევრების გარდა, კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერ–იურისტები.
პარლამეტში ინიცირებულია სამი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომლებიც კონსტიტუციაში შესატან სხვადასხვა ცვლილებებს ეხება. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი პირების მოქალაქეობის საკითხს, კონსტიტუციური ცვლილების მიღებისა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის აუცილებელ კვორუმს, და საერთოდ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ძალთა ბალანსის დაცვის საკითხს.
საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ივლისში უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტების განხილვას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. შეხვედრები დაგეგმილია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებთან, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებთან.
კონსტიტუციურ ცვლილებების განხილვა კი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის განრიგის დამტკიცების გარდა, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა.

Last Updated on Saturday, 29 June 2013 17:53