თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | Print |
Monday, 01 July 2013 17:10

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სამეგრელოში დიდი ოდენობით უკანონო მასალების ფარული სამალავების აღმოჩენისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ვიდეოჰოსტინგით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერის - „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“ თაობაზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საკითხების განხილვის შემდეგ სხდომაზე გაიმართა სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალების ჩვენება. პოლიტიკური ბოიკოტის გამო სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, რატომ არ დაესწრნენ უმცირესობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომას. ,,გაურკვეველია უმცირესობის პოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადონ კომიტეტის სხდომას, რომელზეც არ ხდება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ეს არის სხდომა, სადაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების პროცესებთან დაკავშირებით. ლოგიკურად, უმცირესობა უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხით, მითუმეტეს, როდესაც ითხოვდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვფიქრობ, მათ ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობა არ დათანხმდებოდა არც საგამოძიებო კომისიის შექმნას და არც საკომიტეტო მოსმენას. ამ შემთხვევაში უმცირესობა პასუხისმგებლობას გაურბის იმდენად, რამდენადაც საქმე გვაქვს იმ ტიპის დანაშაულებთან, რომელიც წინა ხელსუფლების მიერ იქნა ჩადენილი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Last Updated on Monday, 01 July 2013 17:15