საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2013 11:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტთან, ვოლფგანგ გროსრუკთან და ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ჟოაო სუარეშთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო. ასევე საუბარი გაიმართა კოჰაბიტაციის პროცესის სირთულეებზე და მიღწეულ შედეგებზე. განიხილეს რუსეთთან ურთიერთობა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის აუცილებლობას.
საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ლიბერალური ფრაქციის, „ალდეს“ სხდომას დაესწრო. სხდომაზე განხილულ იქნა 3 ივლისისთვის გასამართი ასამბლეის სპიკერის (პრეზიდენტის), ვიცე სპიკერის და კომიტეტების ხელმძღვანელების არჩევნები. სხდომაზე მოისმინეს მონტენეგროსა და შვედეთის საპრეზიდენტო კანდიდატების მოხსენებები.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 ივლისი 2013 10:54