|
დეტალურად განიხილავდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. კანონპროექტები საზოგადებას პარლამენტის წევრებმა: გიორგი კახიანმა, ირინე იმერლიშვილმა და თამარ კორძაიამ წარუდგინეს. საკონსტიტუციო ცვილილებების ერთ-ერთი კანონპროექტით გამიზნულია იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც გაჩნდება მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კერძოდ, აუცილებელია პარლამენტის სრული საკანონმდებლო უფლებამოსილების, მთვრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლისა და კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას. პროექტი იმ ნორმის გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის და რომლი სმიხედვით, პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტს შესთავაზოს კანონპროექტი და მიაყოლოს მას მთავრობისადმი ნდობის საკითხი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, „როგორც არ უნდა შეიცვალოს დ აგამარტივდეს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, დაუშვებელია პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს უფლებამოსილება კანონპროექტის მიღებას მთავრობის უნდობლობის საკითხი მიაბას“. აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ეზღუდება, ხოლო ცვლილების განხორციელების შემდეგ ზემოაღნიშნული თანამდებობების დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა და მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
კამათი გამოიწვია იმ ცვლილებამაც, რომლის თანახმად შეიცვლება ის დებულებები, რომლებიც უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და რომლებიც თავისთავდ გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის გაჭიანურებას და გართულებას, რაც ხელს შეუშლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას, აგრეთვე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევის გართულებას. ამ დებულებებით გათვალისწინებულია უჩვეულოდ მაღალი კვორუმი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის და კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მთელი ივლისის განმავლობაში გაგრძელდება. განხილვები ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხესა და ოზურგეთში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი საქართველოს პარლამენტის „საკონსტიტუციო კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიისა“ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
|