|
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი განხილვა ჟურნალისტებთან ერთად შედგა. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება; მეორე - პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს; ხოლო მესამე ცვლილება - კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს.
„უმრავლესობის მხრიდან მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუცია სამ ეტაპად გაუმჯობესდეს. პირველი ორი ეტაპი არის გადაუდებელი ცვლილებების შეტანის, ხოლო მესამე კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, როდესაც კენჭი ეყარა კონკრეტულ ცვლილებას, რომელიც პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაბალანსებას ეხებოდა. ეს გადაუდებელი ცვლილება განხორციელდა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად. მესამე ეტაპი შეეხება საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც კონსტიტუციის რეფორმაზე იმსჯელებს. „შევქმნით კომისიას, რომელშიც არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები არამედ, არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან წარმოდგენილი. ეს კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რეფორმაზე, რათა საბოლოოდ, ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც ცვლილების განხორციელება წელიწადში რამდენჯერმე აღარ იქნება საჭირო და რომელიც თითოეული მოქალაქის ძირითადი კანონი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, დღეს ჩვენ ვიხილავთ ცვლილებების იმ ვერსიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის უფლებებს შეეხება და ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. 2010 წელს შეიქმნა საკონსტიტუციო მოდელი, რომლის მიხედვით, პრემიერს უფლება ექნება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობის შემადგენლობაში თავად შეიტანოს ცვლილებები. ამასთან, მას შეუძლია პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა შეცვალოს ისე, რომ პარლამენტს არაფერი ჰკითხოს. „არსებული მოდელი, მიუღებელია, პრემიერ-მინისტრისათვის რომელიც მუდმივად ქვეყანაში დაბალანსებული კონსტიტუციის არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილება არ უნდა ენიჭებოდეს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური მოდელით პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება კანონები პარლამენტის გარეშე მიიღოს, რაც მიუღებელია. „თუ კანონპროექტთან ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით პარლამენტსა და მთავრობას შორის გამოუვალი მდგომარეობა არსებობს, მაშინ გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს უნდა იყოს ჩვენი მომავალი მოდელი", - განმარტა დავით უსუფაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო განხილვისას განაცხადა, გაუგებარია, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვა, რატომ მოქმედებს მხოლოდ სამ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმართებაში. „მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობისა და პარლამენტის მთელი შემადგენლობა შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მხოლოდ სამ თანამდებობის პირს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკრძალაება ორმაგი მოქალაქეობა. ჩვენ შესაბამის ნორმას კონსტიტუციიდან ვიღებთ და მომავალში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ვთავაზობთ საკითხში მეტი სიცხადე შეიტანოს: ან ყველას ჰქონდეს უფლება დაიკავოს თანამდებობა, ან შეზღუდვა გავრცელდეს ყველა უმაღლეს თანამდებობის პირზე,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ზოგადად ორმაგი მოქალაქეობის საკითხი გადასახედია, რადგან არსებული სისტემა არ არის გამართული. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს. ცვლილების თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო კვორუმი შეადგენს 2/3, ისევე როგორც აქამდე იყო და არ გაიზარდოს 3/4-ით. „ჩვენი მიდგომაა, რომ კონსტიტუცია კარგად ჩავკეტოთ და მასში ცვლილების განხორციელება მარტივი არ უნდა იყოს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც კონსტიტუცია გასწორდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. |