საქართველოს პარლამენტში კონფერენცია „ქართული ენა - 21-ე საუკუნის გამოწვევები“ მიმდინარეობს | Print |
Monday, 08 July 2013 16:02

საქართველოს პარლამენტში კონფერენცია "ქართული ენა - 21-ე საუკუნის გამოწვევები“ მიმდინარეობს. ღონისძიებაზე ქართულ ენასთან დაკავშირებულ საკითხებთან და მისი განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით, მოხსენებები და პრეზენტაციები სხვადასხვა უნივერსიტეტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერებმა, დარგის სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. კონფერენციაზე სამი ძირითადი თემა - ქართული ენის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა და განვითარების პერსპექტივები, ქართული ენის ეროვნული კორპუსი და ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები იქნა განხილული. 
ქართულ ენასთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ქართული ენის განვითარებაში პარლამენტის როლზე და ზოგადად, კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოს პარლამენტი ცდილობს იყოს არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც კანონებს იღებს, არამედ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოც, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი და პრობლემა, რაც ქართულ საზოგადოებას და ქვეყანას აღელვებს. 
ამიტომ გადავწყვიტეთ გვემასპინძლა ამ კონფერენციისათვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხს - ქართულ ენას, მის დღევანდელობას და მომავალს ეხება. ქართული ენა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ფაქტორი და მისი განხილვა და პრიორიტიზაცია უნდა მოხდეს სწორედ სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ჩარჩოში და არა მხოლოდ კულტურულ-ისტორიულ ასპექტებში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ქართული სახელმწიფოს პარლამენტი, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში დგას, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის თემები, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივისაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის გარეთ მცხოვრები ქართველების ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე მზრუნველობა და სათანადო ყურადღების დათმობა სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს.

"ყველას გვაწუხებს საკითხი, რომელიც ქართულ ენას და უცხოეთში მყოფ ქართველებს შეეხება. ეს არის ძალიან სერიოზული თემა, რომელსაც სახელმწიფოებრივი ყურადღება სჭირდება, იმიტომ რომ რთულია ვიფიქროთ იმაზე, რომ ის ხალხი ვინც უცხოეთშია, ასევე მათი შთამომავლები თუ როგორ შეძლებენ სრულფასოვნად განავითარონ თავიანთი ეროვნული იდენტობა თავის სამშობლოსთან თუ ქართული ენა, მშობლიური ენა არ იქნება მათთვის. სერიოზული პრობლემები გვაქვს ქვეყნის შიგნით ქართული ენის გავრცელებასთანაც. პარლამენტისთვის ეს საკითხები მნიშვნელოვანი და სერიოზულია და ამიტომაც გვჭირდება სწორი გადაწყვეტილების მიღება. გვინდა ყურადღებით მოგისმინოთ და შემდეგ ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ ღონისძიებებზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ქართული ენის საკითხთან დაკავშირებული კონფერენცია პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით იმართება.

 
Last Updated on Monday, 08 July 2013 16:32